ახალი ამბები

რა ვიცით ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერზე

5 დეკემბერი, 2019 • 2443
რა ვიცით ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერზე

ზუგდიდში პოლიციას ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასულიერო პირი ჰყავს დაკავებული. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ექვემდებარებოდა; რა ვიცით რეალურად ამ საქმის გარემოებებზე?

რა ხდება?

სისხლის სამართლის ერთსა და იმავე საქმეზე, რომელიც ნარკოდანაშაულს ეხება, ორი ადამიანია დაკავებული. პირველი მათგანი, მოქალაქე რომან მალანია, 2 დეკემბერს დააკავეს.

მათი ადვოკატის, ჯიტა გულუას თანახმად, ორ დღეში, 4 დეკემბერს, ბერი გიგა ქავთარაძე (მამა სვიმეონე) თვითონ გამოცხადდა პოლიციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუზუსტებია, ზუსტად რა რაოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზეა საუბარი [გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს]. ადვოკატის თანახმად, საუბარია მეტადონზე.

პირველ დაკავებულ პირს, რომან მალანიას, სასამართლომ უკვე შეუფარდა 10-ათას ლარიანი გირაო (იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა). ის თანხის გადახდისთანავე დატოვებს საპატიმროს.

როგორც პროკურორმა მარიამ ქორიძემ უთხრა ჟურნალისტებს, ამ ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია მისი ვერსია მომხდარის/ბრალდების შესახებ.

ბერ გიგა ქავთარაძეს კი ბრალს დღეს, 5 დეკემბერს წარუდგენენ. მოგვიანებით გადაწყდება, აღკვეთის რა ღონისძიებას გამოიყენებს სასამარლო მის მიმართ.

„არ იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში“

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი, დეკანოზი დიმიტრი ვეკუა ამბობს, რომ დაკავებული ბერი ამ ეპარქიაში უკვე რამდენიმე წელია, აღარ მსახურობდა.

იგივე თქვა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან „პალიტრას“ უთხრა:

„ეს ადამიანი აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე რომ, ჩვენ პრინციპში მის სასულიერო პირობაზე და მის მოღვაწეობაზე არანაირი პასუხისმგებლობა და ინფორმაცია არ გვაქვს“.

მოგვიანებით პირველმა არხმაც გაავრცელა დეკანოზ ჯაღმაიძის ნათქვამი, რომ გიგა ქავთარაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო, შესაბამისად, „რაიმე სასჯელს ან ზომებს საპატრიარქო და ეპარქია ვერ მიიღებს“.

„ეს ადამიანი ცხოვრობს მონასტერში ათონზე. რაც 2017 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, ის სახლში ცხოვრობდა, არც მონასტერში და არც რომელიმე ტაძარში არ მსახურობდა“, – თქვა მან.

რას ამბობს ფოტოები?

თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა ფოტოები, სადაც ბერი გიგა ქავთარაძე ზუგდიდის ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთადაა გადაღებული, მათ შორის სავარაუდოდ მღველმსახურების დროს. მისი ინფორმაციითვე, სასულიერო იერარქების განცხადებებისგან განსხვავებით, ქავთარაძე  ბოლო წლებში ეპარქიაში მსახურობდა.

დაკავებული ბერის ძმა, რომელიც ზუგდიდის ეპარქიაში მსახურობს, „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი ძმა მართლაც ათონის მთაზე იყო აღკვეცილი, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზუგდიდის ეპარქიაში მსახურობდა:

„ჩემი ძმა აღკვეცილია ათონის მთაზე, იქ მსახურობდა; არის ბერი, იერარქიულად — მხოლოდ და მხოლოდ ბერმონაზონი, მას არა აქვს ხარისხი. ის რამდენიმე წელი მოღვაწეობდა ათონის მთაზე, შემდეგ იყო [ზუგდიდისა და ცაიშის] ეპარქიაშიც, რამდენი თვის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ. იგი წავიდა ეპარქიიდან, ისევ იყო ათონის მთაზე და იქიდან ახლა ჩამოვიდა რამდენიმე თვეა“, – ამბობს იგი.

ეპარქიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ 2014 წელს სწორედ მან აღკვეცა ათონის მთაზე გიგა ქავთარაძე, შემდეგ გარემოებაში: „როდესაც ჩავედი ათონის მთაზე, თვითონ მათი მონასტრის წარდგინებით მოხდა ეს, ჩათვალეს, რომ მზად იყო ამისთვის, რომ მომხდარიყო მისი აღკვეცა“.

ფოტოებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და განაცხადა: „ნებისმიერი დელეგაცია სხვა ეკლესიიდან, რომელიც სხვა ეკლესიას ესტუმრება, თუ არ არის რაიმე აკრძალვა, მათ შეუძლიათ დადგნენ და ემსახურონ, თუ იქნება ადგილობრივი მღვდელმსახურის თანხმობა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი