ახალი ამბები

26 წლის კაცი ლაგოდეხის პოლიციას ცემაში ადანაშაულებს

5 დეკემბერი, 2019 • 928
26 წლის კაცი ლაგოდეხის პოლიციას ცემაში ადანაშაულებს

ლაგოდეხში მცხოვრები 26 წლის ტარიელ (ტატო) შეითნიშვილი ამბობს, რომ ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს.

შეითნიშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტოები. ფოტოებში ჩანს, რომ მას დაზიანებები აქვს სახის, თვალის და ზურგის არეში; ფოტოებზე ჩანს დახეული ქურთუკიც.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შეითნიშვილის მამას, რომელმაც გვითხრა, რომ შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ტატო შეითნიშვილი პოლიციამ 1 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლით.

შსს-ის თანახმად, რაც შეეხება იმას, გადაამეტა თუ არა პოლიციამ ძალას მისი დაკავებისას,  დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ შეითნიშვილზე შესაძლო ძალადობაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე“.

ინსპექტორის თანახმად, ამჟამად ტარდება „საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“ საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

„ასე გვეპყრობა ლაგოდეხის პოლიცია რიგით მოქალაქეებს და ხელის შეწმენდას კიდევ ჩვენზე ცდილობენ… მართალი ვარ და არც ვაპირებ გაჩერებას და მჯერა რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს“, — დაწერა თვითონ ტატო შეითნიშვილმა 1 დეკემბერს, 22:12 საათზე ფეისბუკზე.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა არქიმედეს კლინიკას ლაგოდეხში, სადაც შეითნიშვილი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა, თუმცა ტელეფონით ინფორმაციის გაცემაზე უარი მივიღეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი