ახალი ამბები

სამინისტრო აცხადებს, რომ ბუდაღაშვილის თანამესაკნეებმა თავად მოითხოვეს მისგან იზოლირება

4 დეკემბერი, 2019 • 1843
სამინისტრო აცხადებს, რომ ბუდაღაშვილის თანამესაკნეებმა თავად მოითხოვეს მისგან იზოლირება

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ მას ოპოზიციის ლიდერების, გიგი უგულავასა, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, სხვა საკანში გადაიყვანეს, სადაც მარტო იმყოფება.

ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო პირობებზეც საუბრობს:

“ბუდაღაშვილთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა, გამოძიება არ დაწყებულა. პირიქით, მეტიც, იმავე დღეს გადაიყვანეს სხვა საკანში გაურკვეველი მიზეზით და მოტივით, სადაც მარტო იმყოფება. გარდა ამისა, ამ საკანს ემიჯნება გენერატორი, რომელიც 24 საათი არის ჩართული და არასათანადო პირობებია. შეიძლება, წამების გარკვეული მეთოდი იყოს” – ამბობს იაშვილი.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე პენიტენციურ სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ განცხადება ბუდაღაშვილის გადაყვანის თაობაზე მისმა თანამესაკნეებმა დაწერეს:

“ბრალდებული ზურაბ ბუდაღაშვილი იმყოფებოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ექვსკაციან საკანში, ხუთ თანამესაკნესთან ერთად. ბუდაღაშვილის მიერ ციხეში მასზე თითქოსდა განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მისმა თანამესაკნეებმა, მასთან ერთ საკანში ყოფნაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ ბუდაღაშვილი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ამიტომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბუდაღაშვილი გადაიყვანეს მე-2 სარეჟიმო კურპუსის ბრალდებულებისთვის გათვლილ ოთხკაციან საკანში (24-საათიანი ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ), სადაც მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე ჰყავდა თანამესაკნე.

2 დეკემბერს მისმა თანამესაკნემაც უარი განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილთან ერთ საკანში ყოფნაზე და სხვა საკანში გადაყვანა მოითხოვა. მისი მოთხოვნა დაწესებულების ადმინისტრაციამ იმავე დღეს დააკმაყოფილა, რის შედეგად ზურაბ ბუდაღაშვილი დროებით მარტო იმყოფება მოცემულ საკანში, თუმცა ეს არ არის სამარტოო საკანი, როგორც დღეს ბუდაღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა” – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

20 ივნისს დაკავებულის თქმით, მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი