ახალი ამბები

შიშით ველით, რა იქნება ხვალ — ქარტიის დირექტორი აჭარა ტვ-ზე

4 დეკემბერი, 2019 • 1771
შიშით ველით, რა იქნება ხვალ — ქარტიის დირექტორი აჭარა ტვ-ზე

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ ახალი დირექტორის არჩევას მალევე მოჰყვა ჟურნალისტებისა და სარედაქციო ჯგუფის განცხადებები სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვასა და „ცენზურის სუნზე“.

არჩევის პირველივე დღეს ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანთან საუბარში არხს კრიტიკულობის დონე დაუწუნა და თქვა, რომ „სტუმარი არ უნდა გააღიზიანო“;

რამდენიმე დღეში კოხრეიძესთან შეხვედრის შემდეგ მისი მხრიდან მუქარაზე ისაუბრა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ. ზოიძე ამბობს, რომ ახალდანიშნული დირექტორი მისგან ითხოვს, ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას, საწინაარმდეგო შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება.

განვითარებული მოვლენების ფონზე, დღეს მაუწყებლის ჟურნალისტებმა აქცია გამართეს და მოითხოვეს, კოხრეიძემ „შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია“.

„ნეტგაზეთი“ ამ მოვლენებზე ესაუბრა გიორგი მგელაძეს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა და შეხვედრებს მართავდა ტელევიზიის თანამშრომლებთან, დირექტორთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან:

მხარეებთან შეხვედრების შემდეგ, რა შთაბეჭდილებას გიქმნით აჭარის მაუწყებელზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები? ხედავთ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკებს?

დიახ. პირველ რიგში, ჟურნალისტების მონათხრობი გვიქმნიდა კონკრეტულ შიშებს, რომ ადგილი აქვს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, დირექტორის მიერ მათთან გაჟღერებული სხვადასხვა გზავნილი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ დირექტორს აქვს სურვილი, შეიცვალოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. ჩვენთან ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ დირექტორს მათთან კონკრეტულ სიუჟეტებზე, გადაცემებზე ჰქონდა პრეტენზიები. ისინი ამბობენ, რომ ძალიან ძნელია მასთან მუშაობა, რადგან აყენებს შეურაცხყოფას, მიმართავს დამამცირებლად, ახდენს ზეწოლას და ა.შ.

რა სახის შენიშვნები ჰქონდა?

როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ზოგს უწუნებდა რესპონდენტის ფონს [რა ფონზე ჰყავდათ რესპონდენტი ჩაწერილი], ზოგს უწუნებდა კითხვებს, მაგალითად, „აი, თქვენ სამნი ერთად დაესხით თავს კონკრეტულ რესპონდენტს“, ზოგს უწუნებდა ობიექტურობას, რომ „ეთერში გყავდა სტუმარი, რომელთანაც არ გამოიყურებოდი დაბალნსებულად“ და ა.შ.

ჩვენ ყველა ეს წუხილი და პრეტენზია აღვწერეთ და მივედით მრჩეველთა საბჭოსთან. იქ დაგვხვდა გაოცება რეაქციის სახით. გვითხრეს, რომ ამ პრეტენზიების დიდი ნაწილი მათთვის უცნობი იყო. გვითხრეს, რომ მეორე დღიდანვე შეისწავლიდნენ ამ საკითხებს, გაესაუბრებოდნენ ჟურნალისტებს და დაგვპირდნენ, ყველანაირ ზეწოლას თუ ჩარევას დავუპირისპირდებით და აღმოვფხვრითო.

დირექტორთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. ეს იყო ძალიან კონსტრუქციული საუბარი. ჩვენ დავსვით ყველა კითხვა, დავაყენეთ ყველა წუხილი, რაც ჟურნალისტებისგან გვქონდა მოსმენილი და რაც გარედანაც ჩანდა.

დირექტორი ამ ყველაფერს აბრალებს მისკომუნიკიაციას, არასწორ კომუნიკაციას, ამბობს, რომ მას ვერ გაუგეს სწორედ. ის ამბობს, რომ პრეტენზიები მხოლოდ მის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებთან ჰქონდა; ამბობს, რომ ჟურნალისტების დამოუკიდებლობას არ შეეხება, და რომ კრიტიკული კონტენტი მისთვის მისაღებია.

თუმცა, ერთია, რას ამბობს, — რომ ყველაფერი არის კარგად, — მაგრამ მეორე საკითხია, თუ როგორ დაამტკიცებს ნათქვამს საქმით.

ერთი, რაც შეიძლება გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრების შედეგად ჩავთვალოთ, არის ის, რომ დირექტორი ამბობს, რომ მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, როგორც მისთვის და ჟურნალისტებისთვის სანდო ორგანიზაციას, თუ ნახავს შინაარსობრივ პრობლემებს აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტეში…

თუ მას გაუჩნდება მოსაზრებები, ხომ არ აქვს ადგილი მიკერძოებულობას და დაუბალენსებლობას, ამაზე ქარტიას მომართავს და შეფასებას სთხოვს, რაც, ალბათ, არის ცივილური ფორმა.

ჩვენ ვუთხარით, კარგი იქნება, თუ თქვენ კანონს არ დაარღვევთ, კონკრეტულ სიუჟეტებზე ჟურნალისტებს „საქმის გარჩევას“ არ დაუწყებთ და კანონით არსებულ თვითრეგულირების მექანიზმებს გამოიყენებთ-თქო, როგორც შიდას, ასევე ტელევიზიის გარეთ – ქარტიას.

ის ამბობს, რომ ასეც მოიქცევა. პირიქით, მისგან მოდიოდა [წინადადება], თქვენგან თუ არის მზაობა, რომ თუ რაიმე შინაარსობრივი იქნება, მარტო მე კი არ გადავწყვიტო, მივმართო ქარტიასო, რაც მისასალმებელია.

რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მასთან საუბრის შემდეგ?

კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, რომ ეს გზავნილები მოსასმენად კარგია, მაგრამ შესრულდება თუ არა და მე თუ მკითხავთ, მჯერა თუ არა ამის, არ ვიცი, გამიჭირდება პასუხის გაცემა. ეს უნდა აჩვენოს დირექტორის სამომავლო ნაბიჯებმა.

ამ ორი დღის განმავლობაში პირადად მე დაახლოებით 20-მდე ჟურნალისტი ვნახე, რომლებიც ერთხმად ხედავენ პრობლემას. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ამ ჟურნალისტების შიშების უფრო მჯერა, ვიდრე ერთი კონკრეტული დირექტორის ან მრჩევლების დაპირებისა, რომ ყველანაირ გარანტიებს შეუქმნიან ჟურნალისტებს.

მგონია, რომ პრობლემა არსებობს, ჟურნალისტების მოლოდინს აქვს საფუძველი. ტყუილად შეიძლება ერთი ჟურნალისტი აპროტესტებდეს რამეს, ორი, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ნიუსრუმის აბოსლუტური უმრვალესობა იყოს ერთ აზრზე და ერთნაირად ხედავდნენ საფრთხეებს? უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესენი ცდებიან და დირექტორი და მრჩევლები არიან მართლები…

ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ქარტია შეძლებისდაგვარად იქნება ჩართული ამ ამბავში, შევთანხმდით ჟურნალისტებთან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დავეხმარებით მათ. ვურჩიეთ, რომ ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში კოლექტიური განცხადებებით მიმართონ პროკურატურას, რადგან კანონი კრძალავს ჟურნალისტისთვის ხელის შეშლას და მის საქმიანობაში ჩარევას. ეს ვუთხარით ჟურნალისტებსაც, დირექტორსაც, მრჩევლებსაც. ძალიან ყურადღებით და შიშით ველოდებით იმას, რა იქნება ხვალ…

როგორც ვიცით, გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ დირექტორის მოადგილეს, ნათია ზოიძეს არ აქვს უფლება, სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა მიიღოს და მასთან წინა დირექტორის მიერ დადებულ კონტრაქტს უკანონოდ მიიჩნევს. მის ამ პოზიციას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხეს მიიჩნევენ თანამშრომლები. სინამდვილეში როგორ არის საქმის გარემოებები? ჰკითხეთ მას ამის შესახებ?

რა თქმა უნდა, ვკითხეთ. ნათია ზოიძის ამბავზე მრჩევლებიც და დირექტორიც ჟურნალისტებიც ჩამოყალიბებულები არიან, რომ მისი ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს. ნათლად დავინახეთ, რომ ამაში ერთ აზრზე არიან და ერთი გეგმა აქვთ ამ მიმართულებით.

ჩვენ ვუთხარით ჩვენი პოზიცია: რომ გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ხელშეკრულებაში კანონთან შეუსაბამო არაფერია; ვუთხარით, რომ ამ ხელშეკრულების ცვლილებას ჩვენ ვუყურებთ როგორც საფრთხეს, რომ სარედაქციო პოლიტიკის კუთხით აპირებენ ცვლილებას. ამაზე ამბობენ, არა, როგორ გეკადრებათ, ნათია ზოიძე ისევ დარჩება ტელევიზიაში, თუ მისი სურვილი იქნება და ეს სარედაქციო პოლიტიკაზე არ აისახება არანაირადო.

ასევე, ვკითხეთ არქივთან დაავშრებით, — მას არქივის არასწორ განკარგვას ედავებიან, — ამაზე ამბობენ, კონკრეტული მტკიცებულებები არ გვიჭირავს ხელში, ეს აზრი აქ არსებობს და ამიტომ ამ საკითხს ვიკვლევთო.

ჩვენ ვეუბნებით, რომ ცუდად დაემთხვა: რაღა ახლა იკვლევთ ამ არქივსაც და ხელშეკრულებასაც? მაგაზე დირექტორი ამბობს, რომ მე კი არ ვაკეთებ ამას, არქივის პრობლემების შესახებ განცხადება მაგიდაზე დამხვდაო, არც კი ვიცი ვინ დამიდოო… მრჩევლები, საბჭოს თავმჯდომარე გვეუბნება, რომ სანამ კოხრეიძეს ავირჩევდით, მანამდე ვფიქრობდით რომ ეგ ხელშეკურლება უკანონოა და თვეებია ვიბრძვი მაგის გასასწორებლადო.

ერთი სიტყვით, თვითონ კი აცხადებენ, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაარევას არ აპირებენ. მაგრამ ჩვენ, ვინც ამ ქვეყანაში 10 და 20 წელია ჟურნალისტიკაში ვართ და მწვავე კონტენტს ვაკეთებდით, გვახსოვს ხელისუფლებების დაპირებები და შემდეგ მოქმედებები. გვახსოვს ტელევიზიის დირექტორების დაპირებები და შემდეგ — ნელ-ნელა თუ ერთი ხელის მოსმით — გატარებული ცენზურა. ასე რომ, შიშით და ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარმეტყველება მიჭირს.

გიორგი კოხრეიძე მიანიშნებდა ნათია ზოიძის „პოლიტიკურ მიკერძოებულობაზეც“… რაიმე დეტალები ხომ არ უთქვამს, რას გულისხმობდა? ჟურნალისტებიც ამბობენ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში უსაფუძვლოდ ადანაშაულებს დირექტორი…

ვკითხეთ, მოსწონთ თუ არა კრიტიკული კონტენტი რომ არის ტელევიზიაში, რაზეც მივიღეთ პასუხი როგორც მრჩევლების, ასევე დირექტორის მხრიდან, რომ დიახ, ასეთი უნდა იყოს, „აბა რა, ხელისუფლება უნდა აკონტროლონ ტელევიზიებმა“…

თუმცა, ამ განცხადების საპირწონედ, პრაქტიკაში გვახსოვს გიორგი კოხრეიძის ნათქვამი, რაც პირდაპირ ეთერში წამყვან თეონა ბაკურიძეს უთხრა, რომ სტუმარი არ უნდა გააღიზიანო, კეთილგანწყობილი გარემო უნდა შეუქმნა და ა.შ…

მაგაზე თქვა, რომ თეონას ყურში ვიღაც ელაპარაკებოდა, მე იმაზე გავბრაზდიო…

თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი იყო ეს პასუხი?

რა თქმა უნდა, არ იყო ჩემთვის დამაჯერებელი, რომ რაღაც ყურში საუბრის გამო „გაუბრაზდა“ თეონა ბაკურიძეს. მგონია, რომ მან საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა, როგორც ტონით, ისე ფრაზებით. ამას დღესაც ვხედავ საფრთხედ…

ახლა მე ისე გპასუხობთ კითხვებზე, რაც მან მიპასუხა და არ მინდა, ვინმეს ეს ისე აღიქვას, თითქოს მე დავიჯერე ყველაფერი, რაც ითქვა. ჩემი განვლილი პროფესიული გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს ასე უპირობოდ დავიჯერო. არ მჯერა ბევრი რამის და უნდა დაველოდოთ ფაქტებს, თუ რას მოიმოქმედებს მომავალში…

ნათია ზოიძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე დაწერა, რომ კოხრეიძემ მიანიშნა, რომ მის სატელეფონო საუბარს უსმენდნენ. დღეს გამართულ აქციაზე ტელევიზიის თანამშრომლებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატი, წარწერით: „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა მიმოწერა“. ამაზე ხომ არ გიკითხავთ რაიმე?

მაგ კომუნიკაციაზეც ვკითხეთ და გვითხრა, მე ტელევიზიებში მყავს მეგობრები, რომლებიც მეუბნებიან, რომ სხვადასხვა ტელევიზიებიდან იღებდა ნათია ზოიძე კონკრეტულ მითითებებსო. დაახლოებით ასე გვითხრა, თუმცა არც ეს მეგობრები დაუკონკრეტებია და არც ტელევიზიები, ამიტომ ეს ძალიან ზერელე [ბრალდებას ჰგავს]…

თვითონ ზოიძე ამბობს, რომ სხვა ტელეკომპანიების საინფორმაციოების ხელმძღვანელებთან სინქრონების მიღებაზე არის საუბრი, ანუ რესპონდენტების ვიდეოებზე, რაც არ არის უცხო პრაქტიკა ტელეჟურნალისტიკაში…

ნათიას პოზიციაც ვიცით… ორი მხარეა, ერთი ერთს ამბობს, მეორე — მეორეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ უფრო ჟურნალისტების მჯერა. ამას ჩემი პოზიციაც მავალდებულებს და შინაგანი რწმენაც მკარნახობს, რომ ამდენი ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მიკერძოებული და ამხედრებული კოხრეიძის მიმართ. მჯერა, რომ ისინი გულწრფელად ხედავენ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს და ამისგან თავის დასაცავად იბრძვიან.

თქვენი გადმოსახედიდან, როგორ ეწერება აჭარის მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები უფრო ფართო პოლიტიკურ კონტექსტში?

დიდი ხანია, რაც მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფართო ჭრილში უყურებს. ჯერ კიდევ წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტიდან დაწყებული, შემდეგ დირექტორის ვერარჩევით გაგრძელებული…

ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებ, რასაც უნდა ჰქონოდა მათთვის ლოგიკური და ჩვენთვის სამწუხარო დასასრული — აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

ჩვენი წინასწარი შიშები დიდწილად გამართლდა: ნათია კაპანაძე გადააყენეს; ვერ აირჩიეს ისეთი დირექტორი, რომელიც ამ საქმისთის კრიტიკულად მაყურებელი ადამიანებისთვის მისაღები იქნებოდა; ახლა ვხედავთ ჟურნალისტების პროტესტს და მათ შიშებს.

ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ აჭარის ტელევიზია მოახლოებული არჩევნების დროს იყოს არა კრიტკული, არამედ – ლოიალური მის მიმართ. ეს არის საფრთხე და მიუღებელია ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს.

აქ ალბათ სხვა არხების ამბები და პრობლემებიც უნდა გავიხსენოთ, მაგალითად ტვ პირველი, მთავარი არხი…

ბოლო განცხადება, რაც ქარტიამ გაავრელა აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების საქმიანობაში პოლიციის თანამშრომლების უხეშად ჩარევას ეხება და არ მგონია, რომ ეს ხელისუფლების წახალისების გარეშე ხდებოდეს.

როცა ხელისუფლება არ აკეთებს იმას რასაც კანონი კარნახობს და არ აღკვეთს [ასეთ ჩარევას], ეს გვაფიქრებინებს, რომ ერთგვარი წახალისებაა. კრიტიკული მედია ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არასდროს მოსწონდათ და ეს ტრადიცია არც ამ ხელისუფლებამ შეცვალა.

როგორ გესახებათ გამოსავალი აჭარის ტელევიზიის ამ ერთგვარი კრიზისის დასაძლევად?

საიდანაც დავიწყეთ ეს ორდღიანი შეხვედრები, იქ დავასრულეთ: პირველად ტელევიზიის თანამშრომლებს შევხვდით და ბოლოსაც მათ გავუზიარეთ მცირე ანგარიში და მოსაზრებები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არის ჟურნალისტებს ერთიანობაში. თუ ისინი ერთად იქნებიან, ერთად გააპროტესტებენ ნებისმიერ ჩარევას და შემდეგ ამას სააშკარაოზე გამოიტანენ, რაზეც დანარჩენი საზოგადოება სწრაფად, მწვავედ და ობიექტურად ვირეაგირებთ, [მოწინააღმდეგეებს] მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ…

ჩვენ გვინახავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რამდენჯერმე უკან გადადგმული ნაბიჯი, მაგალითად, მახსენდება აქცია რეპერების ამბავზე [„ბირჟა მაფიის“ საქმეზე]… ასე რომ, მგონია, რომ თუ იქნება ტელევიზიის თანამშრომლების და დანარჩენი სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობა, შეიძლება უკან დაიხიოს ხელისუფლებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი