აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები დირექტორისგან შანტაჟისა და ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ბათუმში, ტელეარხის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მაუწყებლის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ მაუწყებლის პოლიტიკის შეცვლის მცდელობას აპროტესტებენ.

მაუწყებლის დირექტორი უკვე შეხვდა ტელევიზიის ახალი ამბების ჟურნალისტებს და სხვადასხვა გადაცემის სარედაქციო ჯგუფს.

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ისინი აღწერენ, თუ რას ითხოვს მაუწყებლის ახალი დირექტორი და რატომ არის ეს თანამშრომლებისთვის მიუღებელი.

გთავაზობთ მაუწყებლის ჟურნალისტების 4 დეკემბრის განცხადებას:

“22 ნოემბერს “ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა, თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა, მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე.

პირველი, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა, სწორედ სარედაქციო პოლიტიკას ეხება. კერძოდ, მან თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა. ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და „სპექტაკლების დადგმაში“ დაანადაშაულა. გვითხრა, რომ არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის, არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს.

აქედან გამომდინარე, ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია. ასევე ვთხოვთ იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს, გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე“.

ამავე თემაზე:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.