ახალი ამბებისაზოგადოება

21 წლის მოსწავლეები – როცა სკოლა ვაუჩერის დაკარგვის გამო “არებზე“ თვალს ხუჭავს

3 დეკემბერი, 2019 • 3658
21 წლის მოსწავლეები – როცა სკოლა ვაუჩერის დაკარგვის გამო “არებზე“ თვალს ხუჭავს

„რამდენიმე თანაკლასელი მყავს, რომლებიც კლასში საერთოდ არ დადიან, ზოგიერთი მათგანი უკვე 21 წლისაა“, – ეს ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლის მეთორმეტეკლასელმა გვითხრა. მისი თქმით, თავის ყოფილ კლასელებს ბოლო სამი წელია მოსწავლის სტატუსს უნარჩუნებენ. ეს ახალგაზრდები სკოლაში სხვადასხვა მიზეზით არ დადინ, მაგალითად, სამსახურის ან ცუდი აკადემიური მოსწრების გამო „კლასში დატოვეს“ და შემდეგ აღარ გამოჩნდნენ სკოლაში.

მოსწავლემ ასევე მოგვაწოდა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, მისი ინფორმაცია დასტურდება. ჩვენ ამ მტკიცებულებების გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ, რადგან ამით იდენტიფიცირდება სკოლაც და მოსწავლეებიც.

მოსწავლემ იცის, რატომ არ რეაგირებს სკოლა მსგავს შემთხვევებზე – თითოეული მოსწავლის უკან სახელმწიფო ვაუჩერით გათვალისწინებული დაფინანსებაა, რომელსაც სკოლა დაკარგავს, თუკი ბავშვს მოსწავლის სტატუსს შეუწყვეტენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დირექტორებისგან მოსწავლეების სისტემურ არყოფნაზე „თვალის დახუჭვის“ სქემა სხვა მცირეკონტინგენტიან სკოლებშიც მუშაობს. ჩვენ არ ვასახელებთ ამ სკოლებს, რადგან პრობლემა სისტემურია. საუბარია სკოლებზე, რომლებიც ძირითადად მაღალმთიან დასახლებებშია და იქ მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, შესაბამისად, სკოლები ამ გზით ცდილობენ დაფინანსების შენარჩუნებას.

დღეს არსებული სისტემით, სკოლის დაფინანსება ვაუჩერზეა დამოკიდებული – ერთ მოსწავლეს სახელმწიფო დაახლოებით 500 ლარს უხდის. ვაუჩერის ოდენობა დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა კრიტერიუმზე და თუკი დირექტორი მოსწავლის სტატუსს არ შეუჩერებს, ეს დაფინანსება სკოლაში დარჩება.

რა მექანიზმი აქვს განათლების სისტემას, რომ მსგავსი სქემით სკოლამ ვერ ისარგებლოს? – „ეს გამორიცხულია. სკოლა ამაზე რომც წავიდეს, მაინც გახმაურდება, ეს ეცოდინებათ მოსწავლეებს, მათ მშობლებს“, – გვითხრა მადონა გოგიტიძემ, ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. თუმცა, მისივე თქმით, თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია, თუკი რესურსცენტრამდე ვინმემ ამბავი არ მიიტანა.

„ასეთი კონკრეტული მაგალითი არ აღმოგვიჩენია. თუ გვეცოდინება, აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენ დაახლოებით თვეში ერთხელ ვამოწმებთ სკოლას და ვამოწმებთ ამ კუთხითაც – იწერება თუ არა „არა“, როცა მოსწავლე არ არის კლასში“, – ამბობს მადონა გოგიტიძე.

„არებს“ რომ პედაგობები ხშირად არ წერენ, ამას ბათუმის რესურსცენტრის დირექტორი, გოჩა დავითაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ამ კუთხით სკოლების ადმინისტრაციებს ხშირად აძლევს შენიშვნას და გაფრთხილებას.

„კანონით არის განსაზღვრული ეს საკითხი: თუკი მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სკოლაში, მას უნდა შეუჩერდეს ან შეუწყდეს მოსწავლის სტატუსი… თუ ამას არღვევს სკოლა, ეს უკვე დანაშაულია.

მიკვირს, როგორ შეიძლება წლობით იყოს კლასში მოსწავლე, რომელიც სკოლაში არ დადის. წლის ბოლოს მოსწავლეს სჭირდება შეფასება. ვინ აკეთებს ამ შეფასებას? მაშინ გამოდის, რომ პედაგოგებიც ჩართული უნდა იყვნენ ამაში“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძეც ფიქრობს, რომ 90-დღიანი პერიოდი რომ გააჭიანუროს სკოლამ, წლის ბოლოს მოსწავლეს სხვადასხვა მასწავლებლისგან დასჭირდება შეფასება, დარღვევას კი ამდენი პედაგოგი ხელს ერთად არ მოაწერს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამ სქემის გამორიცხვის უფრო ეფექტური გზა ჟურნალების ელექტრონული სისტემა იქნება, რომელიც ჩვენს სკოლებში არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი