ახალი ამბები

“ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია დასრულდა

2 დეკემბერი, 2019 • 1141
“ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია დასრულდა

აქცია “ქართული ოცნების“ ოფისთან დასრულდა. მოძრაობა “სირცხვილიას“ აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვეს.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, აქტივისტები დღეს მოვიდნენ, რათა თავიანთი პროტესტი დაეფიქსირებინათ, რაც მიუხედავად დაპირისპირებისა –  მათ შეძლეს.

საპროტესტო აქცია “ქართული ოცნების“ ოფისთან დაახლოებით 7 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. აქციას პერიოდულად მოჰყვებოდა ხოლმე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ.

“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ ისინი მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ და პარტიის ოფისთან იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მოგვიანებით გადაენაცვლათ ორბელიანის მოედნისკენ. ამ მოედანზე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სტუდენტური თვითმმართველობების დახმარებით ახალგაზრდები შეკრიბა.

აქტივისტები ამბობენ, რომ ამ დროისთვის დაშავებულია 6 ადამიანი.

ერთ-ერთი დაშავებული “მთავართან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პიროტექნიკა თვალში მოხვდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის “ოცნების“ ოფისთან არავინ დაუკავებიათ.

საპროტესტო აქციის პარალელურად, ორბელიანის მოედანზე “ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ საქართველოსთვის ევროსაბჭოს თავმჯდომარის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კონცერტი გამართა. კონცერტისთვის მან რეგიონებიდან სტუდენტები ჩამოიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი