ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“შვილებისთვის არასდროს მითქვამს, რომ აფხაზი მტერია“ – აფხაზეთიდან დევნილი

4 დეკემბერი, 2019 • 4671
“შვილებისთვის არასდროს მითქვამს, რომ აფხაზი მტერია“ – აფხაზეთიდან დევნილი

ნანა ხუხია სოხუმელია. სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, იქ დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტი. პროფესიით ეკონომისტია და ბოლო წლებში, აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროშიც მუშაობდა.

ნანა ამბობს, რომ აფხაზეთი მას ბავშვობას ახსენებს, მისი სახლის ეზოს, ზღვის სანაპიროს, სადაც სტუდენტობას ატარებდა. „სწორედ ამიტომ ამბობენ ადამიანები, რომ სოხუმის ზღვას სხვა სუნი აქვს, ის ჩვენს ბავშვობას გვაგონებს“, – გვიყვება ნანა.

„რა იყო სოხუმში გამორჩეული? – პირველ რიგში ის, რომ ქალაქი ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობდით, აფხაზები, ბერძნები, სომხები, თათრები, რუსები და ერთმანეთისგან ყველა რაღაცას ვსწავლობდით.

სანაპირო განსაკუთრებით მიყვარდა, სწორედ ის იყო ჩვენი თავშეყრის ადგილი, იქ ჩანდა ყველაზე კარგად  ქალაქის მრავალფეროვნება. ჩემი უნივერსიტეტის კორპუსი წერეთლის ქუჩაზე იყო და იქედან ხშირად გადავდიოდი სანაპიროზე, რომელიც გამორჩეული იყო თავისი ღია კაფეებით, ყავახანებით, ცხელ ქვიშაზე მოდუღებული ყავის სურნელით და ალბათ ამიტომაც აქვს იქაურ ზღვას ბავშვობის სურნელი“, – გვეუბნება ნონა ხუხია.

მას სჯერა, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთი დროებით დაკარგეს და ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება.

„სოციალური ქსელები ძალიან მეხმარება ძველი კავშირების შენარჩუნებაში. ხშირად მაქვს მიმოწერა კლასელებთან, მეგობრებთან, თუმცა არის შემთხვევები, როცა არ მიდასტურებენ მეგობრობას, რადგან ეშინიათ. არის პირიქითაც, ადამიანები, რომლებიც მაღალ თანამდებობზე არიან, იღებენ ჩემს მეგობრობას, ვწერთ ერთმანეთს და ვულოცავთ ჩვენი შვილების წარმატებას, დღესასწაულებს და მჯერა, რომ ეს მილოცვები მათი მხრიდანაც ისეთივე გულწრფელია, როგორც ჩემი მხრიდან“.

ნონა ხუხია 25 წლის იყო, როცა სოხუმის დატოვება მოუწია. დევნილობის შემდეგ ფოთში დასახლდა და აქვე შექმნა ოჯახიც. თუმცა ამბობს, რომ ის ყოველთვის სოხუმელი იქნება.

რამ შეიძლება უფრო მეტად დაგვაკავშიროს აფხაზეთთან? – ვეკითხებით მას. ნონა ხუხიას აზრით, ამ რეცეპტის პოვნა რთულია, თუმცა ის, რაც ქართულ მხარეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, ახალ თაობას შორის მეტი კავშირების გამოძებნაა.

„სწორხაზოვნად ვერავინ იტყვის, ვინ არის დამნაშავე ამ კონფლიქტში, ომის დროსაც კი, აფხაზები და ქართველები ერთმანეთს ვეხმარებოდით. ჩემი ძმა იბრძოდა და ენგურს აქეთ ჩარჩენილი აფხაზები გადაიყვანა მეორე მხარეს, იქეთ დარჩენილი ქართველები კი აფხაზებმა გადმოიყვანეს. ჩემი სამი შვილისთვის არასდროს მითქვამს, რომ აფხაზი მტერია, პირიქით, მითქვამს, რომ აფხაზებს ბევრი კარგი თვისება აქვთ: აქვთ გატანის უნარი, სტუმართმოყვარენი არიან, პეწიანი ჩაცმულობა უყვართ. ადრე შვილები მეკითხებიან ხოლმე – „თუ ასეთი კარგები არიან, მაშინ რატომ წამოხვედით?“ – და მე ამაზე პასუხი არ მაქვს.

ვიცი, რომ არც ისინი იქნებიან ძალიან ბედნიერები ჩვენს გარეშე და არც ჩვენ ვიქნებით მათ გარეშე ბედნიერები. მიწაო ზოგჯერ ამბობენ, მაგრამ, მიწა კი არ მენატრება, ის ურთიერთობა და ადამიანები მენატრებიან, რომლებიც ერთად ვცხოვრობდით. ამდენი ხანია ფოთში ვარ, მაგრამ ის დიდი სიყვარული და კულტურა, რაც იქ მქონდა, ვერაფერმა ჩაანაცვლა. სწორედ ამიტომ ვბრუნავთ აფხაზეთის ირგვლივ. მე არ მინდა, რომ აფხაზი იყო მაჩანჩალა და ჩამორჩენილი, მინდა ისიც განვითარდეს, მაგრამ ჩვენი ერთობლივი სიყვარულიც მინდა რომ არსებობდეს“, – გვეუბნება ნანა.

ცხოვრება დევნილობაში

25 წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო. ძალიან რთულია ამის გახსენება. ვხედავდი უამრავ დაუცველ ადამიანს ჩემს ირგვლივ, როგორ იბომბებოდა ქალაქი…

ნავსადგურთან პატარა სასეირნო კატერში ჩუმად ჩავჯექით მე და ჩემი და, გემი ცენტრალურ ნავსადგურში შემოვიდა, სანაპიროსთან ბოლომდე ვერ მოვიდა, რადგან ქალაქი ძალიან იბომბებოდა. გემზე როცა ავედით ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც შველას ითხოვდნენ, მაგრამ ვერ ვშველოდით. ახლაც მახსოვს ერთი წყვილი, ქალი ორსულად იყო, კაცს კი ხელში თოთო ბავშვი ეჭირა. ხელში აწეული გემს აჩვენებდა, რომ ნაპირამდე მისულიყო, მაგრამ გემი ვერ მიადგა ნაპირს. ისინი იქ დარჩნენ… ნეტა რა ბედი ეწიათ?… ალბათ გამოვიდოდნენ“, – ამბობს ნონა და თვალები ცრემლით ევსება.

ფოთში მამიდასთან გაჩერდნენ, სხვა ქალაქში წასვლა არ უფიქრიათ, რადგან სოხუმში დარჩენილ ძმას ელოდებოდნენ, რომელიც დიდხანს არ გამოჩნდა. შემდეგ კი სვანეთის მთებით დაბრუნდა ფოთში.

„ზოგჯერ ვფიქრობდი ხოლმე, რა სჯობდა, ისევ იქ ხომ არა. მართალია, ქალაქი იბომბებოდა, მაგრამ შენი ქალაქი იყო… მაშინ სახელმწიფო არ არსებობდა, არც კომუნიკაციის საშუალება იყო, რომ ახლობლებს დავკავშირებოდით. არც სახელმწიფო მიდგომა არსებობდა, რომ ჩვენც ქართველები ვიყავით, რომ მსხვერპლი ვიყავით თავსმოხვეული ეთნოკონფლიქტის… საქართველოშიც საშინელი პოლიტიკური დაპირისპირება იყო… ეს ყველაფერი ძალიან გვაშფოთებდა. ბევრჯერ ვიფიქრე, რომ ემიგრაციაში წავსულიყავი და ასე გადაგვერჩინა თავი, მაგრამ საბოლოოდ ვერ მივიღე გადაწყვეტილება“, – გვეუბნება ნონა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ გადარჩე, უნდა ირბინო, წინ წახვიდე, გამოსავლის ძიებაში ხარ. „გამოწვევებისთვის პასუხი უნდა გამეცა, რასაც სჭირდებოდა ბრძოლა, შრომა, ეძებ გზებს და ამ ძიებაში აღმოვჩნდი არასამთავრობო სექტორში, რომელმაც მართლაც გამაძლიერა. ისედაც აქტიური ადამიანი ვიყავი და ესეც დამეხმარა“.

ნონა ამბობს, რომ ფოთი წლების წინ არც დონორი ორგანიზაციებისთვის იყო საინტერესო და „არც სხვა რამით იყო აქტუალური“.

„არასამთავრობოების შრომა ყოველთვის დაუფასებელია და ბევრს ჰგონია, რომ ამით მხოლოდ პირად სარგებელს ვიღებთ, რაც ასე არ არის. მე უფრო მეტი გავიღე ამ ორგანიზაციისთვის, ვიდრე მივიღე. მატერიალურს ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი ძალიან დიდი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში, სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს ცენტრში 200-მდე ბავშვი დადის, რომლებიც სწავლობენ უცხო ენებს, კომპიუტერულ უნარებს ივითარებენ, გვაქვს ახალი ინოვაციური პროექტები, ვხვდებით უცხოელ პარტნიორებს და ეს ყველაფერი გვაძლიერებს, რადგან მეც ვვითარდები და სხვებსაც ვაძლევ ამის შესაძლებლობას. დევნილი ქალებისთვისაც გავხსენი კომპიუტერის ცენტრი, სწავლობენ და იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი დასაქმებაში დაეხმარებათ“.

ნონას თქმით, დღეს ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ რეგიონები დედაქალაქს განვითარებაში ძალიან ჩამორჩებიან. პატარა ქალაქები იცვლება. „მეც ბევრჯერ მქონდა შესაძლებლობა, წავსულიყავი საბერძნეთში სამუშაოდ, მაგრამ არ წავედი.

ეკლესიაში დავდივარ, ჩემი შვილები გალობენ და როცა წირვაზე მიმოვიხედავ, ვხედავ რომ ადამიანები, ვინც ჩემ გვერდით იდგნენ, აღარ არიან, ყველანი გაკრეფილან. სიდუხჭირემ დაცალა ქალაქი და ეს ძალიან მტკივნეულია.

ვცდილობ, თავი გავიმხნეო და ვამბობს, რომ „სხვა თუ წავიდა, მე არ წავალ“, მაგრამ მეორეს მხრივ, რაღაცის კეთება მაშინ გიხარია, როცა სხვებისთვის აკეთებ. თუ ეს ადამიანები აღარ იქნებიან, ვისთვის უნდა აკეთო? ქვეყანა ისე უნდა ვითარდებოდეს, რომ ადამიანებს არ უწევდეთ ქვეყნის დატოვება“, – გვეუბნება ნონა.

მალე ფოთის სკოლებში კონკურსი გამოცხადდება, „არცნობილის მონატრება“ – ასე დაარქვა ნონა ხუხიამ კონკურსს, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა აფხაზეთზე ინფორმაცია უნდა მოიძიონ და გაიგონ, რა შეიძლება იცოდნენ  აფხაზეთზე.

„განსაკუთრებით, ახალგაზრდობა მინდა ჩაერთოს ამ პროცესში, რომ მომავალმა თაობამ ერთმანეთი გაიცნოს. არ შეიძლება ბავშვები ერთმანეთში მტერს ხედავდნენ“, – გვითხრა ნონა ხუხიამ.

_________________

 

მასალების გადაბეჭდვის წესი