ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ შთანთქა რუსულმა აფხაზური ენა

2 დეკემბერი, 2019 •
როგორ შთანთქა რუსულმა აფხაზური ენა

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი

“აფხაზურად ელაპარაკე” – თითქმის ყოველდღე უწევთ ჩემს აფხაზ ნათესავებს ამის შეხსენება, როდესაც შვილთან ვურთიერთობ. თუმცა თავადაც რამდენიმე წუთში რუსულ ენაზე აგრძელებენ საუბარს.

მე თავად აფხაზური ენა არ ვიცი. რუსულ-ქართულ შერეულ ოჯახში დავიბადე, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო რუსეთში, რუს ბებიასთან ვიზრდებოდი. ქართული ასეც ვერ ვისწავლე. დღეს კი აქ, აფხაზეთში, სადაც ჩემი შვილი თითქოს აფხაზურ გარემოში იზრდება, მშობლიური ენა ვერც მან აითვისა. 

ჩემი ოჯახის ისტორია არ არის უნიკალური. აფხაზური ენა თვალსა და ხელს შუა ქრება აქ.

მეცნიერ-ლინგვისტის, აფხაზური ენის სპეციალისტის, ვიაჩესლავ ჩირიკბას ვარაუდით, უკვე 20 წლის შემედეგ აფხაზეთში ძნელად მოიძებნება აფხაზურის მცოდნე ადამიანი. 

იმ გამოკვლევის შედეგებმა, რომელსაც მეცნიერი აფხაზეთის ქალაქებში ატარებდა, აჩვენა, რომ აფხაზურ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საერთოდ არ იციან ან ძალიან ცუდად ფლობენ ენას. 

“სახელმძღვანელოები და მეთოდოლოგია გათვალისწინებულია ბავშვებისთვის, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ენას, სკოლაში კი ძირითადად ისე იწყებენ სიარულს, რომ აფხაზური არ იციან. შესაბამისად, პროგრამას უბრალოდ იზეპირებენ და არ ესმით ენის ლოგიკა, მისი ფონეტიკური შემადგენელი. ჯერ არ ვიცნობ ბავშვს, რომელმაც სკოლაში ისწავლა აფხაზური ენა. ახალი მეთოდოლოგიაა საჭირო”, – ამბობს ჩირიკბა.

სასკოლო მეთოდოლოგიის გარდა, პრობლემის მიზეზს ბევრი თავად ოჯახებში ხედავს. 

“აფხაზურ ოჯახებში უფროსებიც არ საუბრობენ ამ ენაზე, შესაბამისად, ბავშვებსაც ნაკლები შანსი აქვთ, კარგად ისწავლონ”, – ამბობს აფხაზური ენის მასწავლებელი ესმა ცარგუში. 

აფხაზური ენა ძალიან რთულია და უფროს ასაკში სწავლის შემთხვევაში ზოგიერთი ბგერის სწორად წარმოთქმა უკვე შეუძლებელია. 

აფხაზური ენის ცოდნის პრობლემა მედიის საქმიანობაზეც აისახება. ჟურნალისტი სუსანა საძბას აფხაზეთში რადიოეთერს უძღვება და მისი რესპონდენტები ძალიან ხშირად ეუბნებიან უარს გადაცემებში მონაწილეობაზე, რადგან არ იციან აფხაზური.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი; 2016

“მესმის, რატომაც ვერ საუბრობენ აფხაზები სირცხვილის გარეშე მშობლიურ ენაზე, ჩვენთან მიღებულია დაცინვა. დაცინვის ფენომენი არსებობს”.  

5 წლის ლეონი აფხაზია. ბავშვი მთელ დღეს რუს ბებიასთან ატარებს, რომელიც რუსულ წიგნებს უკითხავს და რუსულ ენაზე აყურებინებს მულტფილმებს. 

“ბავშვს არც კი ესმის აფხაზური ენა. არ გვაქვს აფხაზური ტელევიზიები, სადაც აფხაზურ ენაზე მულტფილმები გავიდოდა ან საბავშვო გადაცემებს უყურებდა. თუკი რამე საბავშვო პროგრამა არსებობდა აფხაზურ ენაზე, ყველაფერი ნახა და ამოწურა. აღარაფერია მისთვის საინტერესო”, – ამბობს ლეონის ბებია. 

ენობრივი პრობლემა არა მხოლოდ შერეულ, აფხაზურ ოჯახებშიც აქტუალურია.

“ჩვენ ერთმანეთთან აფხაზურად ვსაუბრობთ, ჩემი სამი წლის შვილი კი – მხოლოდ რუსულად. აფხაზურად ყველაფერი ესმის, თხოვნას და მითითებას ასრულებს, მაგრამ რუსულად გვპასუხობს. არც კი ვიცი, რა უნდა მოვუხერხო”, – ამბობს ირინა. 

აფხაზეთში არსებობს კანონი ენის შესახებ, რომლის შესაბამისად აფხაზეთში სახელმწიფო ენა აფხაზურია, რუსული კი პარლამენტისა და მთავრობის სამუშაო ენაა, ადმინისტრაციული უწყებებისა და საქმის წარმოების ენა სასამართლო პროცესებზე. თუ პროცესის მონაწილეს თავად სურს აფხაზურ ენაზე საუბარი, მას თარჯიმანს უნიშნავენ.

აფხაზურ ენაზე აფხაზეთში სახალხო მუსიკის კონცერტები და რიტუალები იმართება. 

აფხაზური ენის სწავლების წასახალისებლად აქ აფხაზურის ონლაინ კურსებიც არსებობს, თუმცა, ფასიანია [თვეში დაახლოებით 80-85 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლში], მაშინ როდესაც საშუალო ხელფასი აფხაზეთში დაახლოებით 250 აშშ დოლარია. ამასთან, არც ეს კურსებია მუდმივი და დამოკიდებულია გრანტებზე.  

საიდა კაიტანი ორი შვილის დედაა, მისმა ორივე შვილმა აფხაზური სკოლა დაამთავრა. უფროსი სწავლას რუსეთში აგრძელებს. მეორე შვილი ჯერ რეპეტიტორებთან ემზადება. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მისი სკოლაში სიარულის საჭიროება არ დგას და სკოლის გარეთ მეცადინეობა უფრო ეფექტურია. საქმე ის არის, რომ აფხაზურ სკოლებში აფხაზურ ენაზე საგნებს მხოლოდ მეხუთე კლასამდე სწავლობენ, შემდეგ კი ყველა რუსულზე გადადის, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად რესპუბლიკაში 60 აფხაზური, 47 რუსული, 15 შერეული, 11 ქართული და 26 სომხური სკოლაა. 

“შესაბამისად, ბავშვებს შოკი და მკვეთრი ჩამორჩენა აქვთ. უმრავლესობა ასეა, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი”, – ამბობს საიდა. 

ის, თუ რატომ ვერ გახდა პოპულარული აფხაზური ენა აფხაზეთში, ისტორიკოსი ასლან ავიძბა გვიხსნის:

” გასაბჭოების დღიდან რესპუბლიკის ისტორიას თუ გადავხედავთ, აფხაზეთი ყოველთვის მრავალეროვანი იყო, რუსული ენა კი ყველა ეთნიკურობის მოქალაქეს აერთიანებდა. იყო პერიოდიც, როცა იხურებოდა აფხაზური სკოლები და ძალადობრივად ქართულს ასწავლიდნენ. ეს ნესტორ ლაკობას შემდეგ, ბერიას დროს დაიწყო და 92 წლამდე გაგრძელდა. ჩვენ დავკარგეთ დრო და ვერ შევძელით საკუთარი ლინგვისტებისა და მეთოდისტების აღზრდა. მაშინ რეპრესიების დრო არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, აფხაზური ენისა და კულტურის წინააღმდეგაც არსებობდა”, – ამბობს აფხაზი ისტორიკოსი ასლან ავიძბა.

ავიძბას თქმით, “ყველაფერი, რაც ახლა ხდება ენის საკითხთან დაკავშირებით, სტალინური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. 

“გასაკვირია, რომ აფხაზური ენა ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ ამ სასწაულს, გავუფრთხილდეთ და განვავითაროთ”, – ამბობს ავიძბა. 

გარდა ამისა, სახელმწიფო ენის ფლობა დღეს ერთ-ერთი პირობაა, მოხვდე სახელმწიფო სამსახურში. პრეზიდენტად კენჭისყრისთვის კი – ერთ ერთი მთავარი პირობა – უკლებლივ ყველა კანდიდატი აფხაზური ენის  გამოცდას აბარებს. 

ძალიან ხშირად აფხაზური ენის ცოდნა სამსახურის მაძიებელთა მიმართაც მთავარი მოთხოვნაა. რაც შეხება მედიას, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიხედვით მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ჟურნალისტური პროდუქციის 50%-ს აფხაზურად უნდა აქვეყნებდნენ [50% რუსულად]. სარეკლამო ბანერები და აბრები კი მხოლოდ აფხაზურ ან ორივე ენაზე უნდა განთავსდეს, თუმცა, ძალიან ხშირად ამ კანონის აღსრულებაც არ ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი