ახალი ამბები

მელიას სასამართლო 20-21 ივნისის საქმეზე 24 დეკემბრისთვის გადაიდო

2 დეკემბერი, 2019 • 1142
მელიას სასამართლო 20-21 ივნისის საქმეზე 24 დეკემბრისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 დეკემბრის 12:00 საათისთვის გადაიდო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარ ნიკა მელიას საქმის განხილვა. ნიკა მელიას ამ საქმეში, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება, ედავებიან „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას“.

უფრო ზუსტად, გენერალურ პროკურატურას ნიკა მელიასთვის ბრალი წაყენებული აქვს 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის.

სასამართლოს სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. პროკურატურამ დამატებითი დრო სასამართლოს მეგობრის, სახალხო დამცველის პოზიციის გასაცნობად ითხოვა. სახალხო დამცველმა სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მოსაზრებით მიმართა და განაცხადა, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები, დიდი ალბათობით, არღვევდა პარლამენტის წევრის და მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას.

“მხარეები უნდა ვიცნობდეთ ამ დოკუმენტს, რათა ვიმსჯელოთ, არის თუ არა ის შემხებლობაში ჩვენ მიერ განსახილველ საქმესთან მიმართებით. მოვითხოვეთ დრო, რომ ბრალდების მხარეს შესაძლებლობა ჰქონოდა, გასცნობოდა ამ დოკუმენტს გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარემ როგორც განმარტა, მას უკვე ჰქონდა ეს დოკუმენტი – ზუსტად არ ვიცი, რა წყაროდან”, – განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ დროის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება, რათა სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვამდე მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია “ქართუ ბანკის” საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

“ის ფორსირებული განაჩენი, რომელიც დღეს გამოცხადდა “ქართუ ბანკის” საქმეზე, ისახავდა ერთადერთ მიზანს – ნიკა მელიას უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, იგი ჩამოაშორონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. “გავრილოვის ღამის” საქმეზე პროკურატურამ მოითხოვა დრო, თითქოს არ იცნობდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას. სავარაუდოდ, 24 დეკემბამდე ნიკა მელიას შეუწყვეტენ დაპუტატის  უფლებამოსილებას და შემდეგ სასამართლო სხდომაზე  პროკურატურა იტყვის, რომ სახალხო დამცველმა კი დაწერა დასკვნა, მაგრამ მელია აღარ არის დეპუტატი და მას შემზღუდავი ზომები არ უნდა გაუუქმდესო”, – განაცხადა კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას განაჩენის მერე, სავარაუდოდ, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება 

მასალების გადაბეჭდვის წესი