ახალი ამბები

დიალოგი დღეს არ დამთავრებულა – უსუფაშვილი შეხვედრის შემდეგ

30 ნოემბერი, 2019 • 2322
დიალოგი დღეს არ დამთავრებულა – უსუფაშვილი შეხვედრის შემდეგ

დაახლოებით 4-ის ნახევრისთვის დასრულდა ელჩების თანდასწრებით ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების შეხვედრა, სადაც 2020 წლის არჩევნების ჩატარების გზაზე მსჯელობდნენ.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ამ შეხვედრაზე „ქართულ ოცნებას“ არ მოუტანია არანაირი შეთავაზება და ოპოზიციის შეთავაზებული გერმანული მოდელი კიდევ ერთხელ დაიწყნა, დიალოგი გაგრძელდება და სულ მცირე, ერთი შეხვედრა მაინც ჩატარდება.

მან თქვა, რომ ელჩების დახმარებით, „ხელისუფლების მიერ დახურული კარი 2020 არჩევნებთან დაკავთირებით გაიხსნა“ და განაცხადა: „ეს კარი დღეს არ დახურულა, დიალოგი დღეს არ დამთავრებულა, მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ ეს არ დავუშვით“.

მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ოპოზიციის შეთავაზება „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით, რაზეც „ქართულ ოცნებას“ არსობრივი წინააღმდეგობა არ ჰქონია, თუმცა განაცხადეს, რომ იგი კონსტიტუციას არ შეესაბამება.

უსუფაშვილის თანახმად, იქვე დაისვა კითხვა, თუ მხოლოდ კონსტიტუციურობის თემაა პრობლემა, არის თუ არა მზად „ქართული ოცნება“, მოაგვაროს ეს თემა 113 ხმით, ანუ შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება, პასუხი უარყოფითი იყო: „სხვა მიზეზების გამოც ვერ ხედავს საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლებლობას“.

უსუფაშვილმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ოპოზიციის შემუშავებული დოკუმენტის, რომელიც გერმანული მოდელის პრინციპზე ატარებს 2020 წლის არჩევნებს, გაგზავნაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, – ვენეციის კომისიასა და ეუთოში შესაფასებლად. „ცალმხრივად გავაგზავით დოკუმენტს საერთაშორისო ორგანიზაციებში მეტი არგუმენტის მოსაპოვებლად“, – თქვა უსუფაშვილმა.

ბოლოს, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჰკითხეს, ეს ვარიანტი თუ არ მოსწონდათ, ხომ არ ჰქონდათ სხვა გეგმა, რაზეც ასევე უარყოფითი პასუხი მიიღეს, თუმცა სავარაუდოდ შეხვედრის კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება.

„კიდევ შედგება მინიმუმ ერთი რაუნდი, რათა მიეცეთ საშუალება, კარგად დაფიქრდნენ, რაც აქ მოისმინეს და იფიქრონ მათი მხრიდან შესაძლო შემოთავაზებაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი