ახალი ამბები

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები მოქალაქის FB პოსტის გამო გაიფიცნენ

30 ნოემბერი, 2019 • 2007
რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები მოქალაქის FB პოსტის გამო გაიფიცნენ

კომპანია “ინტერ ტრანსის” მძღოლები Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მოქალაქისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ და 29 ნოემბერს გარკვეული პერიოდით გაიფიცნენ კიდეც.

საუბარია მოქალაქე გივი შანიძის პოსტზე, რომელმაც სხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მიკროავტობუსების მფლობელი კომპანია “ინტერ ტრანსი” გააკრიტიკა, რომელსაც თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავს. ფოტოზე ცეცხლმოკიდებული ყვითელი მიკროავტობუსი ჩანს.

“ფოტოს კომენტარი რომ დავურთო, ძალიან ბევრი უნდა ვიგინო, ასე რომ, უკომენტაროდ,” – წერს შანიძე. მისივე თქმით, ცეცხლმოკიდებული მანქანა “ინტერ ტრანსს” ეკუთვნის.

თავად მძღოლები ბოდიშის მოხდას ითხოვენ და აქციით იმუქრებიან, რასაც, მათი თქმით, “რუსთავი-თბილისის მარშრუტკების” გაჩერება მოჰყვება.

“არის ასეთი პიროვნება გივი შანიძე, რომელმაც Facebook-ზე გალანძღა “ინტერ ტრანსი”, მისი თანამშრომლები და მძღოლები. მგონი, ეს ასატანი არ არის.. რატომ უნდა მლანძღოს რაღაც უბრალო შემთხვევის გამო. თუ ბოდიშს არ მოიხდის, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა პარალიზებული იქნება”, – უთხრა info Rustavi-ს ერთ-ერთმა მძღლოლმა 29 ნოემბერს გამართულ გამაფრთხილებელ აქციაზე.

თავად შანიძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს და ამბობს, რომ შეურაცხყოფა პირადად არავისთვის მიუყენებია და ზოგადად კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას სხვა მგზავრებიც გამოხატავენ.

“ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფა აზრად არ მომსვლია. “ინტერ ტრანსის” მიმართ უკმაყოფილებას მე კი არა, მგზავრთა უმრავლესობა გამოთქვამს. ჩემი მხრიდან რომელიმე კონკრეტული მძღოლისთვის შეურაცხყოფა არ ყოფილა, შესაბამისად, ბოდიშსაც არავის მოვუხდი”, – წერს შანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი