ნეტგაზეთი | აბაშიძის კომენტარი თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე აბაშიძის კომენტარი თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე – Netgazeti
RU | GE  

აბაშიძის კომენტარი თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე

“ჩვენი შეხვედრის დროს, გუშინ მოვისმინე ბატონი კარასინისგან მოკლე კომენტარი, რომ რუსული ენის სავიზო ცენტრს, რომელიც თბილისში არსებობს და არის კომერციული სტრუქტურა, აქვს სურვილი გახსნას რუსული ენის კურსები ასევე კომერციულ საწყისებზე”, – ეს განცხადება ნეტგაზეთთან საუბარში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, “რაც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა რია-ნოვოსტის განუცხადა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.

“ვიმედოვნებთ, კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსების მონაწილეობით ინციდენტების გარეშე ჩაივლის”, – იმედი გამოთქვა კარასინმა.

ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ გარდა მოკლე კომენტარისა, კარასინს შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

“მე ვუთხარი, რომ ჩავალ თბილისში და გავარკვევ, რა და როგორ არის-მეთქი. ასეთი მოკლე კომენტარი იყო”, – ამბობს აბაშიძე ნეტგაზეთთან.

მისივე თქმით, ეს არ ყოფილა ორმხრივი შეთანხმების საგანი:

“არანაირი ორმხრივი შეთანხმება და რაღაც ამდაგვარი არ ყოფილა”, – აცხადებს ქართველი დიპლომატი.

მისი თქმით, სავიზო ცენტრი არის კერძო, კომერციული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესთა სექციასთან თანამშრომლობს და გასცემს ვიზებს რუსეთში გამგზავრების მსურველთათვის.

აბაშიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს შეაფასოს ამ ნაბიჯის პოტენციური რისკები როგორც რუსეთის რბილი ძალის გავრცელების თვალსაზრისით, ასევე, შესაძლო ინციდენტების პროვოცირების კუთხით.

“მოდით, გავაკრვევ ჯერ. ამჯერად ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – უთხრა აბაშიძემ ნეტგაზეთს და დასძინა, რომ თბილისში ხვალ დაბრუნდება.

ამავე თემაზე

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება – კარასინი აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com