ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ

28 ნოემბერი, 2019 • 1902
კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, გრიგორი კარასინი, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით პრაღაში, ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე პასუხობს, რომ “იმედი აქვს, ეს [გათავისუფლება] მოხდება”.

თუმცა, კითხვაზე, როდის მოხდება ეს, კარასინი ამბობს, რომ კითხვის ადრესატი რუსული მხარე არ არის და სახალხო სკანდალად ქცევის ნაცვლად, მსგავსი ინციდენტები ისეთ ფორმატებშია განსახილველი, როგორებიცაა ჟენევის დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს დღეს, 28 ნოემბერს პრაღაში ხვდება.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

ქართული მხარე ირწმუნება, რომ ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი