ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, თავს ნორმალურად გრძნობს – წითელი ჯვარი

29 ნოემბერი, 2019 • 1666
ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, თავს ნორმალურად გრძნობს – წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 28 ნოემბერს მეორედ მოინახულა.

“განვახორციელეთ მეორე ვიზიტი ბატონ ვაჟასთან. ცხინვალის ციხეში. ამ ვიზიტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ბატონ ვაჟას და მის ოჯახს მივცეთ კომუნიკაციის საშუალება. ამჯერადაც წითელი ჯვრის საბარათე ბლანკი შევსებული ოჯახის მიერ გადაეცა მას, მანაც საპასუხო წერილი ამჯერადაც გამოუგზავნა. მისი თქმით, ის თავს გრძნობს ნორმალურად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი”,- აცხადებს მაია ქარდავა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

წითელი ჯვრის პირველი ვიზიტი ცხინვალის ციხეში გაფრინდაშვილის მოსანახულებლად 18 ნოემბერს შედგა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

ქართული მხარე ირწმუნება, რომ ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი