ახალი ამბები

გიორგი ტატიშვილის თქმით, პოლიციამ დააკავა, რათა 17 მაისს აქცია არ ჩაეტარებინა

17 მაისი, 2015 • • 2802
გიორგი ტატიშვილის თქმით, პოლიციამ დააკავა, რათა 17 მაისს აქცია არ ჩაეტარებინა

ტატიშვილი ამბობს, რომ გუშინ, 16 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე პურის საყიდლად წავიდა მაღაზიაში, როდესაც პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. დღეს, 17 მაისს კი, ტატიშვილის სასამართლო პროცესი არ შედგა და გადაიდო. ტატიშვილი ამბობს, რომ როდესაც იგი დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ 17 მაისს აქცია უნდა გაემართა და პოლიციას მისი დაკავების უფლება არ ჰქონდა. სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ, გიორგი ტატიშვილის თქმით, მან პოლიციას მობილურის დაბრუნება მოთხოვა, რაზეც უარი მიიღო. იგი თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ გიორგი ტატიშვილს ერთ-ერთ საქმეზე მოწმის სახით კითხავდნენ, თუმცა, რა საქმის გამო, შსს-მ არ გვიპასუხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ გიორგი ტატიშვილმა  განაცხადა, რომ მობილური ტელეფონის დაკარგვის საქმეზე დაკითხეს:

 

“ვიღაცას დაუკარგავს მობილური ტელეფონი და მე მკითხავენ. 16:00 საათს გადაცდა და გამათავისუფლეს, ჩემი აქცია დაგეგმილი იყო 15:00 საათიდან 16:00 საათამდე(სახალხო დამცველის ოფისთან), ეს პერიოდი როგორც კი გავიდა, ეგრევე გამათავისუფლეს. როგორ ფიქრობთ, რა არის ეს? არის თუ არა პირდაპირი სახით ხელის შეშლა. რა თქმა უნდა, არის”,- ამბობს ტატიშვილი.

 

დღეს, 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის საერთაშორისო დღე თბილისში, 3 სხვადასხვა ადგილას აღნიშნეს. აქცია მრგვალ ბაღში ორგანიზაცია “იდენტობის” ორგანიზებით გაიმართა. “ეს ქუჩა დაკავებულია, ჰომოფობიის ადგილი აქ არ არის,” – ამ სახელწოდების აქცია თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა გამართა. ორგანიზაცია “ლგბტ საქართველომ” იუსტიციის სამინისტროსტან გამართა აქცია. სამივე აქციამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ არც ერთ ზემოთ ჩამოთვლ აქციასთან შეერთებას არ გეგმავდა და თავად სურდა დამოუკიდებლად სახალხო დამცველის ოფისთან ქაციის ჩატარება, რისი საშუალებაც, მისი შეფასებით, პოლიციამ არ მისცა. 


გიორგი ტატიშვილი ტრანსგენდერია, რომელიც საზოგადოებას მაცაცოს სახელით გაეცნო, თუმცა, ამის გარდა,  მას საჯარო განცხადებებში სხვადასხვა სახელი და გვარი აქვს გამოყენებული, კერძოდ: ვახტანგ ოქროპირიძის სახელით მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით განცხადება გააკეთა ვლადიმერ ბედუკაძის წინააღმდეგ. მას, როგორც გიორგი ჩხარტიშვილს, განცხადებები აქვს გაკეთებული პოლიციისგან ზეწოლის შესახებ. 


გიორგი ტატიშვილი, ფოტო აღებული Facebook-ის პირადი გვერდიდან
გიორგი ტატიშვილი, ფოტო აღებული Facebook-ის პირადი გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი