საზოგადოება

„ეშმაკისეული მსჯელობაა“ — კარასინი აფხაზეთზე კობახიძის განცხადებაზე

27 მაისი, 2024 •
„ეშმაკისეული მსჯელობაა“ — კარასინი აფხაზეთზე კობახიძის განცხადებაზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებისა და 2030 წელს ევროკავშირის წევრობაზე გეგმების შესახებ „ეშმაკისეული მსჯელობაა“.

„ვერავინ აუკრძალავს დისკუსიას, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად იცხოვრონ, ან შეიძლება სხვა ქვეყნებთან ერთადაც— ეს არის დისკუსია. საქართველოს პრემიერისთვის ახლა მთავარია, ადამიანები, რომლებსაც უცხო სახელმწიფოები ინახავენ და ეწევიან პოლიტიკურ და საინფორმაციო საქმიანობას, იყოს კანონით განსაზღვრული. ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ, დანარჩენი ეშმაკისგან ნაკარნახევი მსჯელობაა“ ,— დასძინა კარასინმა.

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს აქვთ მსჯელობის უფლება, მათ შორის- პრემიერ კობახიძესაც.

„ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში გამოვყოფ იმ ფაქტს, რომ ის ერთ ბრძოლაშია [საქართველოს პრეზიდენტთან] სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც გასაგები მიზეზების გამო იკავებს დასავლური უმცირესობის, ევროკავშირის და სხვათა პოზიციას, რათა დაამარცხონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება“, — განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკდიებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად“ და ერთიანი საქართველო 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი