ახალი ამბები

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას სამომავლოდაც აპირებენ

28 ნოემბერი, 2019 • 1082
ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას სამომავლოდაც აპირებენ

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები სამომავლოდ კვლავ აპირებენ პარლამენტის პიკეტირებას და ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას მშვიდობიანი პროტესტის ფორმით.

როგორც აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, შემდეგი პიკეტი გაიმართება იმ დღეს, როდესაც პარლამენტში გაიმართება შემდეგი სესია. სესიის დღეს ასევე დაიგეგმება მასშტაბური აქცია.

“გერმანული მოდელი” გაიგეს, როგორც ბერლინის კედელი. თქვენ ხედავთ, რომ ბლოკირებულია ყველა შესასვლელი, მიმდინარეობს პიკეტი. მიუხედავად ამისა, ნახეს უკანა ხვრელები, საიდანაც ეს დეპუტატები შეძვრნენ პარლამენტში. მომდევნო პიკეტებზე უკეთ ვიზრუნებთ, რომ უკანა ხვრელებიდანაც ვერ შეძვრნენ პარლამენტში. პიკეტის ეს არაძალადობრივი, მშვიდობიანი ფორმა გაგრძლდება, სანამ არ მივაღწევთ შედეგს.

ეს პროპორციული არჩევნები კი არ გვაჩუქეს, არამედ სისხლით, საკუთარი თვალის ჩინის ფასად მოიპოვა ხალხმა. პროპორციული არჩევნების უკან წაღება ნიშნავს ჩვენთვის მესიჯის გამოგზავნას, რომ “პუტინიზაციის პროცესი წასულია და არ მაინტერესებს”, არამედ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართაც. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი ამას დაჰპირდა გაეროს ტრიბუნიდან”, – თქვა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, დიპლომატიური კორპუსი მუშაობს მთავრობასთან, რათა ისინი კომპრომისზე დაითანხმოს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულაავს თქმით, “ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, ისე, როგორც იმსახურებს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი.”

როგორც უგულავა ამბობს, ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გააგრძელებს პროტესტს და მშვიდობიანი მეთოდებით აიძულებს ხელისუფლებას, წამოვიდეს დათმობებზე.

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დილიდან ცდილობდენ პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობას, მაგრამ პოლიცია მათ ამაში ხელს უშლიდა. შსს-მ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები ლითონის კონსტრუქციებით ჩაკეტა, მთავრობის კანცელარიის მისასვლელებთან კი ცოცხალი ძალა ჩააყენა.

ოპოზიცია უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციებს მართავს, რომლის მიზეზიც გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიციის თქმით, ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას დაასრულებდა. შსს-მ ოპოზიციის აქცია უკვე ორჯერ დაშალა სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის შეწყვეტას ჯერ არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი