ახალი ამბები

სახალხო დამცველი 17 მაისს საქართველოში, სავარაუდოდ, არ იქნება

15 მაისი, 2015 • • 1075
სახალხო დამცველი 17 მაისს საქართველოში, სავარაუდოდ, არ იქნება

რაც შეეხება ნანუაშვილის ისრაელში ვიზიტს, ომბუდსმენის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი იერუსალიმში ისრაელის მთავრობის მიწვევით იმყოფება, სადაც 12-14 მაისს მონაწილეობას იღებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მე-5 გლობალურ ფორუმში.


რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, მათ შორის კვირას, 17 მაისს, ომბუდსმენის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ნანუაშვილი ისრაელში ქართულ დაისპორასა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს შეხვდება.


17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს ორგანიზაციები მიმდინარე წლის 17 მაისს აპირებენ სოლიდარობა გამოხატონ ლგბტ თემის მიმართ.

 

 

“წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია. ასევე მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზებასთან”, – აცხადებენ არასამთავრობოები.


ომბუდსმენის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ნანუაშვილის არყოფნის მიუხედავად აპარატი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებასაც გაავრცელებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი