ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დიდი მადლობა გაფრინდაშვილის ოჯახს მოთმინებისა და გამძლეობისთვის – ზალკალიანი

27 ნოემბერი, 2019 • 1564
დიდი მადლობა გაფრინდაშვილის ოჯახს მოთმინებისა და გამძლეობისთვის – ზალკალიანი

“დიდი მადლობა ოჯახს მოთმინებისა და გამძლეობისთვის. მესმის, რა ძნელია მათთვის ამ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება. ის კონსტრუქციული დამოკიდებულება, რომელსაც ოჯახი ავლენს ამ კრიტიკულ მომენტში, მართლაც ფასდაუდებელია”, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

როგორც ზალკალიანი ამბობს, დღეს, 27 ნოემბერს ბერლინიდან ტელეფონით ესაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლს, თამილა ლაფანაშვილს.

“მინდოდა მისთვის პირადად კიდევ ერთხელ მეცნობებინა იმ ქმედებებისა და ნაბიჯების შესახებ, რაც ბატონი ვაჟას გათავისუფლებისთვის ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. ჩემი მხრივ, დავარწმუნე ქალბატონი თამილა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი მეუღლის დასახსნელად. ჩემი ყოველი სამუშაო დღე იწყება ამ საკითხით და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ამ დღეებში გავმართე და რომელსაც გავმართავ, საუბრის მთავარი თემა სწორედ ბატონი ვაჟას უკანონო დაკავებაა.

ბუნებრივია, ამ საკითხზე ვისაუბრე ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემს კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან. ქ-ნ თამილას გავაცანი გერმანული მხარის და ზოგადად, ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ისინი გმობენ მომხდარს და დაგვპირდნენ, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო მექანიზმს პრობლემის დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი