ახალი ამბები

27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს

27 ნოემბერი, 2019 • 1742
27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს

2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს, რომელიც 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.

საქართველოს საფრანგეთის მხრიდან გადმოეცემა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს გადასცემს  საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ამელი დე მონშალენი გადასცემს.

თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს  ოთხი პრიორიტეტი:

  1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
  2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
  4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, 27 ნოემბერს, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელიც ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის მორთული.  შემდეგ სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის,  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი სტრასბურგში 6 თვის განმავლობაში იმოძრავებს.

საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სტრასბურგში 2019 წლის  3 დეკემბერს საქართველოს ნაციონალური ბალეტის – სუხიშვილების კონცერტი გაიმართება.

თავმჯდომარეობის 6 თვის განმალობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე  ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

ამ თემაზე:

რიგითობა თუ რეფორმების აღიარება – რატომ ხდება საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე?

მასალების გადაბეჭდვის წესი