ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შევქმნათ ექიმთა ბრიგადები და ჩვენც იქ ჩავიდეთ – ხუნდაძე გაფრინდაშვილის საკითხზე

26 ნოემბერი, 2019 • 1594
შევქმნათ ექიმთა ბრიგადები და ჩვენც იქ ჩავიდეთ – ხუნდაძე გაფრინდაშვილის საკითხზე

ცხინვალის ციხეში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრის დროს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ექიმებს მოუწოდა ბრიგადების შექმნისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი პაციენტების სამკურნალოდ წასვლისკენ.

“რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც ზოგჯერ გადაიფარება ხოლმე ამა თუ იმ არასასიამოვნო ქმედებებით.  მე მინდა ვისაუბრო ჩვენი, ექიმების კოლეგის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევებასთან დაკავშირებით. ექიმობა არის ის პროფესია, როცა ფიცი იდება  არა პარტიული ხაზით, ეთნიკური ნიშნით და სხვა განზომილებით, არამედ ფიცით, რომ ის ყველაფერს გაიღებს, რომ პაციენტის სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ. აქ ეკლიანი მავთულხლართების გავლება მიუღებელია, რადგან ექიმები საზღვრებს გარეშე უნდა ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას. კაცი გადავიდა პაციენტთან და არა რაიმე პოლიტიკური პიარის განსახორციელებლად.

არათუ ვაჟა გაფრინდაშვილი უნდა გადავიდეს იქ პაციენტების სამკურნალოდ, არამედ ჩვენ, ექიმები, [პარლამენტში საკმაოდ ბევრნი ვართ], ყველას გთავაზობთ, ბრიგადებით ჩავიდეთ იქ, პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით, დარგობრივ სპეციალისტები, ბრიგადები შევქმნათ და ჩავიდეთ, გავთავისუფლდეთ ყოველგვარი პირადული, პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან და ავიღოთ მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა. ექიმსა და პაციენტს შორის ეკლიანი მავთული ვერასდროს გაივლება”, – განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატმა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი