ახალი ამბები

სახელმწიფო არის ძლიერი და ჰუმანური – ახალი მესიჯი “ოცნებიდან”

26 ნოემბერი, 2019 • 1525
სახელმწიფო არის ძლიერი და ჰუმანური – ახალი მესიჯი “ოცნებიდან”

მას შემდეგ, რაც 26 ნოემბერს, გამთენისას, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლითა და სპეცრაზმის გამოყენებით პარლამენტთან აქცია დაშალეს, “ქართული ოცნების“ ლიდერები – მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე, ამბობენ, რომ სახელმწიფომ სიძლიერესთან ერთად ჰუმანურობაც გამოიჩინა.

ორივე მათგანმა ეს მოსაზრება დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე დააფიქსირა.

მამუკა მდინარაძემ პოლიციის ქმედებები ჰუმანურად, თუმაცა, ამავდროულად, ძლიერად შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკისას.

“ამ დღეებში გამოჩნდა პოლიციის მოქმედებებში, რომ ერთდროულად შეიძლება იყო ძლიერი და იყო ჰუმანური – ეს პრინციპი დანერგა ქართულმა პოლიციამ თავიანთი მოქმედებებით”, – განაცხადა მდინარაძემ.

ამის შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და განაცხადა, რომ დღითიდღე გრძნობენ, თუ რამდენად იზრდება მათი თავისუფლების ხარისხი 2012 წლის შემდეგ.

“მე გპირდებით, რომ ძალიან მალე დამთავრდება ის დრო, როდესაც ჟურნალისტთა ნაწილი იქნება იძულებული, გაეკიდოს იმას, ვინც არ გარბის”, – განაცხდა მდინარაძემ და დაამატა, რომ მალე “ნაციონალური მოძრაობა” აღარ იარსებებს და შესაძლებელი გახდება იმის თქმა, რომ მედია აბსოლუტურად თავისუფალია.

პოლიციის ჰუმანურობაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემაც, რომელიც სხდომაზე მდინარაძის შემდეგ გამოვიდა. მისი თქმით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა სატელიტებმა თავი წარმოაჩინეს, “როგორც ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიეკლესიურმა ძალებმა”.

“ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ სირთულეების ფონზე, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდებოდა ნაცონალური მოძროაბის მხრიდან”, – ამატებს მდინარაძე.

“მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში წარმოაჩინეს სახელმწიფო, როგორც ძლიერი და ჰუმანური სახელმწიფო”, – თქვა კობახიძემ და განაცხადა, რომ მარგინალური ოპოზიციის სრული მარგინალიზების პროცესი დაიწყო, რაც პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება.

გამოსვლის ბოლოს კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

ამავე თემაზე:

სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის მიმდებარედ აქცია ისევ დაშალეს

აქციის დაშლის შედეგად კლინიკებში 5 ადამიანი გადაიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი