ახალი ამბები

სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის მიმდებარედ აქცია ისევ დაშალეს

26 ნოემბერი, 2019 • 1405
სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის მიმდებარედ აქცია ისევ დაშალეს

სპეცდანიშნულების რაზმებმა დილის 5 საათისთვის კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდებარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლი.

ოპოზიცია გეგმავდა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის დღეს, 26 ნოემბერს, არ მიეცა პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება.

აქციაზე დაშავებული. ფოტო: შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტ შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, გამოყენებული წყლის ჭავლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანია დაშავებული, რომელთაგან ერთს ხელი აქვს მოტეხილი, მეორეს კი თვალი დაუზიანდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს კიდევ გააგრძლებენ, მიუხედავად სპეცრაზმის წინააღმდეგობისა.

სპეცრაზმმა გაათავისუფლა რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩებიც, სადაც კარვები იყო გაშლილი. ამ დროისათვის (07:30) რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფალია.

ოპოზიციის ცნობით, არიან დაკავებულებიც. დაკავებულთა და დაშავებულთა შესახებ ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას შეეცდება.

რუსთაველის გამზირი აქციის დაშლის შემდეგ. ფოტო: ნატა ფერაძე

საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი