ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 ნოემბრის აქციის დაშლის შედეგად სულ 4 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ერთი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალშია” გადაყვანილი, თუმცა, კლინიკის მიერ “ნეგაზეთისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, კლინიკაში 3 ადამიანი გადაიყვანეს, ერთ-ერთი კი მედიის წარმომადგენელია. “მთავარი არხის” ცნობით, ამავე არხის ჟურნალისტმა ვასილ დაბრუნდაშვილმა ხელი მოიტეხა.
სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ადამიანი ამ დროისთვის (09:55) გაწერილია კლინიკიდან. ერთ-ერთი პაციენტი კი, რომელიც “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, წყლის ჭავლის შედეგად სხეულის გადაციებით შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ კლინიკაშიც, სადაც პაციენტი ამ დრომდე რჩება.
სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და ყველა მათგანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
სტაბილურია ასევე “ნიუ ჰოსპიტალში” გადავანილი კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობაც.
ერთ-ერთ დაშავებულს დაზიანებული აქვს თვალი, რომელსაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.
26 ნოემბერს პოლიციამ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან დილის 5 საათზე დაშალა. შსს-ს ცნობით კი 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.
2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.