ახალი ამბები

განათლების სამინისტროს შეფასებით, მეცნიერებათა აკადემია ბუბა კუდავას მხარდაჭერის გამო არაჯანსაღ გარემოს ქმნის

15 მაისი, 2015 • • 1135
განათლების სამინისტროს შეფასებით, მეცნიერებათა აკადემია ბუბა კუდავას მხარდაჭერის გამო არაჯანსაღ გარემოს ქმნის

სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, რომ თავი შეიკავონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის არჩევის პროცესის გართულებისაგან, რათა კომისიას, რომელიც შეარჩევს დირექტორს, მიეცეს საშუალება თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.   

 

სამინისტრო მიიჩნევს, რომ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ბუბა კუდავას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე დადგენილების გამოცემით იქმნება არაჯანსაღი გარემო, რაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.  

 

სამინისტრო აცხადებს, რომ მხოლოდ გამჭვირვალე პროცედურებითა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოქმედებს და იმოქმედებს, რა მიზნითაც, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევად, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა სამინისტროს წარმომადგენლებითა და დარგის სპეციალისტებით.

 

კომისიის ერთ-ერთი წევრია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძეც.

 

სამინისტრო პირობას დებს, რომ რომ სურვილის შემთხვევაში, თითოეული კანდიდატისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების ვიდეოგადაღებას, რისი გასაჯაროების უფლებაც კანდიდატს აქვს. 

 

“შესაბამისად, პროცესი იქნება გამჭვირვალე და უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის ინტერესების დაცვას”, – აცხადებს სამინისტრო.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 2015 წლის 16 თებერვალს გამოაცხადა. მინისტრის გადაწყვეტილებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ეწინააღმდეგებიან და ბუბა კუდავას მხარდასაჭერად 4 მაისს აქცია გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი