ახალი ამბები

ზაზა ლიპარტელიანი, რომელსაც აქციაზე თვალი დაუზიანდა, ისევ რუსთაველზე დაბრუნდა

26 ნოემბერი, 2019 • 2655
ზაზა ლიპარტელიანი, რომელსაც აქციაზე თვალი დაუზიანდა, ისევ რუსთაველზე დაბრუნდა

47 წლის ზაზა ლიპარტელიანი, რომელსაც დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიისას, აქციის დაშლის დროს თვალი დაუზიანდა, ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა და პროტესტს შეუერთდა.

კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” აცხადებენ, რომ მას დაზიანებული აქვს თვალბუდე, თუმცა ოპერაცია სასწრაფო არ იყო და პაციენტმა საავადმყოფო თავისი სურვილით დატოვა.

ლიპერატელიანმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ოპერაციას მოგვიანებით გაიკეთებს, ახლა კი პროტესტს გააგრძელებს. ის იხსენებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმებს წინ გადაუდგა, რა დროსაც სახის არეში წყლის ჭავლი მოხვდა. დაზიანება სწორედ ამის შედეგად მიიღო.

ლიპერატელიანის სამედიცინო კვლევის დასკვნის მიხედვით, მას აღენიშნება თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა, თუმცა უშუალოდ თვალი დაზიანებული არ არის.

საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად რუსთაველის გამზირზე სულ 5 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის არის “მთავარი არხის” ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი. როგორც ჟურნალიტი იხსენებს, დაშლის დროს წაიქცა და ხელი ამ დროს დაუზიანდა.

პოლიციამ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 26 ნოემბერს, დილის 5 საათზე დაშალა. შსს-ს ცნობით კი, 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაშავდა 5 ადამიანი.

ოპოზიცია საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებს, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.


2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი