ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა მიდის ყველაფერზე იმისთვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში – სოფო კილაძე

26 ნოემბერი, 2019 • 1660
ნაციონალური მოძრაობა მიდის ყველაფერზე იმისთვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში – სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განმარტებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მნიშვნელოვანია, თუმცა დესტაბილიზაცია დაუშვებელია.

“ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ეფარება სამოქალაქო აქტივიზმს და ჩვენ ვხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიდის ყველაფერზე იმისთვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ კილაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია დესტაბილიზაციის გამოწვევა და მოქალაქეებს და პოლიციას შორის დაპირისპირება, რათა შემდგომ მათ გააღვივონ “მართლა სამოქალაქო პროტესტი, რის შემდეგაც ისინი მოვლენ ხელისუფლებაში.”

“ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი აგრძელებენ ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე და ქვეყანაზე ძალადობას, ამის უფლებას ჩვენ, ბუნებრვია, ვერ მივცემთ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მოქალაქის უფლებები”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის შეშის ჩამორთმევას ეხებოდა, კილაძემ უპასუხა, რომ პოლიცია ახდენდა პრევენციას და კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ კონტექსტს, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობა” სამოქალაქო აქტივიზმის გამოყენებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს.

პოლიციამ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 26 ნოემბერს, დილის 5 საათზე დაშალა. შსს-ს ცნობით კი, 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაშავდა 5 ადამიანი.

ოპოზიცია საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებს, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას.


2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი