ახალი ამბებიკომენტარი

„ოცნებამ“ ვერ შეძლო 30-წლიანი სენის მოშორება – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

25 ნოემბერი, 2019 • 8103
„ოცნებამ“ ვერ შეძლო 30-წლიანი სენის მოშორება – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, უკან არ დაიხიოს, 2020 წლის არჩევნები მაინც მოქმედი შერეული სისტემის პირობებში ჩაატაროს და, მეტიც, — 2024 წელსაც სათუო გახადოს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა? „ნეტგაზეთი“ ამ ინიციატივაზე ესაუბრა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორს, კორნელი კაკაჩიას. 

როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ მიერ დღეს კიდევ ერთხელ, საბოლოოდ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, — რომელიც ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირების გეგმის ფონზე მიიღეს, — რომ 2020 წელს არსებული, შერეული სისტემით ჩატარდეს არჩევნები?

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მმართველი ძალა ხელისუფლების შენარჩუნების რეჟიმშია გადასული. ამ ნაბიჯით საბოლოოდ გაქარწყლდა ეჭვები, რაც შესაძლოა, პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ იყო დარჩენილი [და ცხადი გახდა, რომ ეს უბრალოდ მაჟორიტარების წინააღმდეგობა არ ყოფილა];

და, რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ისევე, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვა ხელისუფლებებმა, ვერ შეძლო იმ სენის მოშორება, რასაც ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭება ჰქვია. თითოეული მათგანი, განსაკუთრებით მეორე ვადის ბოლოს, ცდილობს, რაღაცნაირად ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას. ამისთვის ისინი ყველანაირ, როგორც ლეგალურ, ასევე არალეგალურ, ხერხებს იყენებენ.

ზუსტად ამის მაგალითია დღევანდელი განცხადება. აშკარად გამოჩნდა, რომ მმართველი ძალა უახლოეს მომავალში საკუთარი ნებით არ აპირებს ხელისუფლების დათმობას. ხელისუფლების შესანარჩუნებლად მზადაა, უარი თქვას დაპირებულ რეფორმებზე და არ აინტერესებს, რას ფიქრობს სამოქალაქო საზოგადოება თუ პოლიტიკური სპექტრი.

ეს ყველაფერი კი მიუთითებს, რომ მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მეტად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდება, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც, თავის მხრივ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიარა…

თქვენი აზრით, მართლაც არსებობს თუ არა გეგმა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ან კიდევ დარჩეს შერეული სისტემა, ან სრულად მაჟორიტარულზე გადავიდნენ, თუ ეს უბრალოდ იმის დემონსტრირებაა, რომ უკან დახევას არ აპირებენ? ან „პოლიტიკური ვაჭრობის“ დაწყება შორიდან?

მე, მაგალითად, ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებდი. ჯერ არავინ იცის, „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, 2024 წლამდე მიაღწევს თუ არა…

თავის დროზე, 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილსაც ეგონა, რომ არაფერი ემუქრებოდა და ამიტომაც განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმები, რომლითაც საპრეზიდენტო მოდელიდან საქართველო ნახევრად საპარლამენტოზე გადადიოდა, რითაც ის ვარაუდობდა, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებდა და თვითონ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი. თუმცა შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ სხვანაირად განსაჯა და შედეგად ვნახეთ ის, რაც მოხდა.

აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ ლიდერების ადგილზე, ამ გათვლებში ასე შორს არ წავიდოდი და მოკლევადიან პერსპექტივაზე ვიფიქრებდი. ვინც ეს გაბედა და გააკეთა, საბოლოოდ ყველამ წააგო. ასე რომ, ამ საკითხზე პედალირება მათი მხრიდან უადგილოა.

მოკლევადიან პერსპექტივაში, 2020 წლისთვის, ასეთი პირობა დადეს: იმ ოლქებში, სადაც ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, ექნება გამარჯვების რეალური შანსი, „ქართული ოცნება“ არ დააყენებს კანდიდატს. ეს რამდენად დამაჯერებელი ან დამაკმაყოფილებელია?

ჯერ ერთი, ამ საკითხს ამომრჩეველი წყვეტს და „ქართულ ოცნებას“ თუ საკუთარი თავი არბიტრად წარმოუდგენია, რომელსაც შეუძლია, შეალამაზოს არჩევნების შედეგები, ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონია ქართველ ამომრჩეველზე…

საბედნიეროდ, „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი არ არის, თუ რომელი პოლიტიკური პარტია, რომელი ლიდერი როგორ იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე. არჩევნების ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, ქართველი ამომრჩეველი, რომელიც მიდის არჩევნებზე.

აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ეს სერიოზული განცხადება იყოს. შესაძლოა, ემოციური მუხტის შემოტანაზე იყოს გამიზნული, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ განწყობაზე იქნება ამომრჩეველი იმ დროისათვის.

და, საერთოდაც, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ექნება კი საერთოდ წონა, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს? ეს განცხადება ძალიან არასერიოზული ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით, როგორი რეალობა იქნება ერთი წლის შემდეგ და როგორი განწყობა ექნება საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მიმართ…

განიხილება ასეთი ვერსიაც, რომ შეიძლება ან „სატელიტებს“, ან მათთვის სასურველ კანდიდატს დაუჭირონ მხარი, როგორც მაგალითად, სალომე ზურაბიშვილს. ეს ალბათ მართლაც არის შესაძლებელი, არა?

დიახ, თუმცა ეს გზაც გამოცდილია ქართულ პოლიტიკაში, მიხეილ სააკაშვილის დროსაც იყვნენ ასეთი პოლიტიკური ძალები…

და შარშანაც ისე გამოვიდა, რომ იმუშავა ამ ხერხმა, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში [ფორმალურად მან დამოუკიდებლად იყარა კენჭი, ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, თუმცა ფაქტობრივად „ქართული ოცნება“ მუშაობდა მის ასარჩევად] …

დიახ, თუმცა ამაზე გათვლა, როდესაც პარტიამ ჯერ არ იცის, თუ რა განწყობა იქნება ამომრჩეველს იმ არჩევნებისთვის, ისევ არასერიოზულია… როგორც იტყვიან, ჯერ უნდა გადახტე და მერე უნდა თქვა „ჰოპლა“. ესენი კი, მგონი, პირიქით აკეთებენ, ძალიან შორს მიდიან ანალიზში. იმის ფონზე, რომ ისიც კი არ იციან, როგორ გაართვან არსებულ კრიზისს თავი, ეს ძალიან არასერიოზულია.

მათ ერთი რამ ეშლებათ: საზოგადოებრივი აზრი არ არის სტატიკური, ანუ უცვლელი. საზოგადოების განწყობა იცვლება მმართველი პარტიის და, ზოგადად, პოლიტიკოსების მიმართ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, დღეს არავის შეუძლია ისაუბროს, რა მოხდება ერთი წლის შემდეგ და, მით უმეტეს, იმარჩიელოს, რომ თვითონ ექნება „კოზირები“ და ვინ შეიძლება გაიყვანოს…

ახლანდელ დემონსტრაციებთან დაკავშირებითაც გვაინტერესებს, რას ფიქრობთ, როგორ გამოიყურება ოპოზიცია, რამდენად ძლიერად?

გარკვეული ერთიანობა მართლაც ჩანს, თითქოს ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდა ერთის წინააღმდეგ. რაც არ ჩანს, არის მკაფიო გეგმა და სტრატეგია, თუ რა უნდა გააკეთონ მომავალში ამ საერთო მიზნების მისაღწევად.

ისიც არის, რომ ეს ერთობა საკმაოდ ჭრელია, რის გამოც ცოტათი ჭირს ამ საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლება ამით სარგებლობს. მას იმის იმედიც აქვს, რომ საპროტესტო დემონსტრაციების შედარებით მცირე მასშტაბების ფონზე რაღაცნაირად მოახერხებენ ამ საპროტესტო მუხტის ჩაქრობას.

ალბათ, ერთი სული აქვთ, რომ წინასაახალწლო პერიოდამდე როგორმე მიაგორონ ეს სიტუაცია, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წლიდან, ფაქტობრივად, ერთი-ორი თვის განმავლობაში, „მკვდარი სეზონია“ ქართული პოლიტიკისთვის. როგორც ზაფხულში გადააგორა „ქართულმა ოცნებამ“ ივნისის კრიზისი, ალბათ, ერთი სული აქვთ, ასევე „გადააგორონ“ წინასაახალწლო პერიოდამდე ეს სიტუაცია. აი, ამ რეჟიმშია დღეს ხელისუფლება და, ბუნებრივია, რომ ოპოზიციის ერთიანი სტრატეგიის უქონლობა მათ ხელს უწყობს…

მართალია, საჯარო განცხადებებში ოპოზიციის წარმომადგენლები (მაგალითად, გიგი უგულავა) ხაზგასმით ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები და სხვა არაფერი აწყობთ. თუმცა, თუკი არაფერი შეიცვალა და 2020 წელს გაიმართა შერეული არჩევნები, არსებობს შანსი, რომ მაღალი კოორდინაციის პირობებში წინააღმდეგობა გაუწიონ „ქართულ ოცნებას“? მაგალითად, თუკი, — გარდა იმისა, რომ ერთმანეთს არ დაუყენებენ კონკურენტებს, — მიმართავენ რესურსებს საერთო, შეთანხმებულ კანდიდატებზე…

დიახ, ამაში გარკვეული აზრი არსებობს, ბუნებრივია. ამის მცდელობა იყო კიდეც წინა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც „ევროპულმა საქართველომ“ მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში…

და წელსაც, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შალვა შავგულიძის საპირწონედ კანდიდატი არ დააყენა…

დიახ, ზუსტად… ასე რომ, ამის პრეცედენტები გვაქვს. თუმცა ეს სტრატეგია საპარლამენტო არჩევნების დროს ალბათ ძალიან მაღალი დონის კოორდინაციას მოითხოვს ოპოზიციურ პარტიებში. ეს, ცოტა არ იყოს, რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ მათ განსხვავებული იდეოლოგიური თუ პოლიტიკური ხედვები აქვთ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, რამაც ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გაართულოს საქმე, თუმცა მთლიანობაში ალბათ ეს არ იქნება ცუდი სტრატეგია…

მასალების გადაბეჭდვის წესი