ახალი ამბები

როგორ შეიძლება ენერგოეფექტური სამედიცინო ცენტრი იყოს უკეთესი და ღირდეს ნაკლები

25 ნოემბერი, 2019 • 2732
როგორ შეიძლება ენერგოეფექტური სამედიცინო ცენტრი იყოს უკეთესი და ღირდეს ნაკლები

თბილისში მდებარე სამედიცინო ცენტრი “ინოვა” გაცილებით ენერგოერფექტური გახდა ევროკავშირის საგრანტო მხარდაჭერის შედეგად, რაც კომპანიამ „ქეშბექის“ სახით მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) “ენერგოკრედიტის” საკრედიტო ხაზის საშუალებით საქართველოს ბანკიდან. ამჟამად სამედიცინო ცენტრი საკუთარი ენერგორესურსების 50%-ზე მეტს ზოგავს, რაც ნიშნავს ათასობით ევროს ეკონომიას ყოველწლიურად.

თუმცა ეს აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია – როგორც “ენერგოკრედიტის” ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ზურაშვილი აღნიშნავს, ამ პროგრამით საქართველოში 30 000-ზე მეტმა ოჯახმა და უამრავმა საწარმომ ისარგებლა. “ენერგოკრედიტის” ბიუჯეტი საქართველოსთვის 68 მილიონი ევრო იყო, საიდანაც 5.3 მილიონი ევრო გრანტების და დახმარების სახით იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მიერ კავკასიის რეგიონის სამი ქვეყნის დაფინანსებისთვის.

პროგრამა წარმოადგენს ინიციატივის EU4Energy ნაწილს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ბიზნესის მწვანე ტექნოლოგიურ გარდაქმნას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ ბანკებთან თანამშრომლობით.

 

პროგრამის ფარგლებში სამეწარმეო, კომერციულ და სამოქალაქო მსესხებლებს მიენიჭათ დამოუკიდებელი საკრედიტო ხაზები ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებისთვის. იმ კლიენტებისთვის, რომლებმაც შეიძინეს “ენერგოკრედიტის” კრიტერიუმების შესაბამისი ენერგოეფექტური პროდუქტები, ევროკავშირმა უზრუნველყო სესხის მოცულობის 10%-დან 15%-მდე ანაზღაურება.

იყო მეორე ვარიანტიც: თუ მსესხებელს ჰქონდა პროექტი, რომელიც არ აკმაყოფილებდა “ენერგოკრედიტის” ენერგოეფექტურობის კრიტერიუმებს, მას შეეძლო მოეთხოვა დახმარება საკუთარ პროექტში ცვლილებების შესატანად. ამის შედეგად ის ევროკავშირისგან მიიღებდა 15%-იან სუბსიდიას ენერგოეფექტურობის რეკომენდებული ღონისძიებების განსახორციელებლად.

როგორი შეიძლება იყოს ენერგოეფექტური სამედიცინო ცენტრი?

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი “ინოვა” 2015 წელს გაიხსნა თბილისში, ყოფილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. სამედიცინო ცენტრის ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. “ინოვას” მიზანი იყო, ჰქონოდა რაც შეიძლება დადებითი ზეგავლენა გარემოზე და ამავე დროს, დაეზოგა ხარჯები. მთელი რიგი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების შემდეგ სამედიცინო ცენტრმა საკუთარ მიზანს მიაღწია.

პირველი ნაბიჯი შენობის ფასადის თბოიზოლაცია იყო – შენობის გარეთა კედლები სპეციალური თბოსაიზოლაციო თაბაშირ-ბოჭკოვანი მასალით მოპირკეთდა. მასალის სისქე 50 მმ-ია, რაც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. ეს შენობაში ზაფხულში სიგრილის და ზამთრის განმავლობაში სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობის გათბობასა და გაგრილებაზე ნაკლები ენერგია იხარჯება.

გარდა ამისა, დამონტაჟდა ენერგოეფექტური ორმაგი მინაპაკეტის ფანჯრები თერმოიზოლაციის მაჩვენებლით 1.5, რომელიც ევროკავშირის სტანდარტთან მიახლოებულია და იშვიათია საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ 3-ის ტოლია.

გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების თანამედროვე, ენერგოეფექტური სისტემები დამონტაჟდა ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ეს ფაქტორები უაღრესად მნიშვნელოვანია.

სამედიცინო ცენტრმა ასევე დაამონტაჟა ენერგოეფექტური დიოდური ნათურები, რომელთაგან ზოგიერთი ფოტოსენსორებით არის აღჭურვილი, რაც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და ელექტრობაზე გადასახადების შემცირებას.

რამდენად მომგებიანია ეს ღონისძიებები?

ენერგოეფექტურობა ნიშნავს, ერთის მხრივ, გარემოზე მავნე გავლენის შემცირებას, მეორე მხრივ კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ფინანსურ დანაზოგს. “ინოვას” მაგალითი ორივე ზემოაღნიშნული სარგებლიანობის დემონსტრირებაა.

ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) “ენერგოკრედიტის” ფარგლებში ექსპერტების მიერ ჩატარებული ენერგიის შეფასების მიხედვით, სამედიცინო ცენტრმა მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთა შემდეგ სფეროებში:

  • ელექტროენერგია: ჩვეულებრივი ვარვარების ნათურების ნაცვლად დიოდური ნათურების გამოყენებით სამედიცინო ცენტრი ყოველწლიურად 17 000 ევროს ეკონომიას აკეთებს;
  • ბუნებრივი აირი: ყოველწლიურად 109 000 მ3-ზე მეტი ბუნებრივი გაზის ეკონომიიდან დანაზოგი 19 000 ევროს უტოლდება.

მთლიანობაში, ენერგიის შეფასების მიხედვით, “ინოვას” მიერ დაზოგილმა ენერგიამ 51% შეადგინა, რაც ახალი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების შედეგია. ეს ნიშნავს, რომ ცენტრს ასევე შეუძლია 50%-ზე მეტი დაზოგოს ენერგიის და გათბობის გადასახადებზე. გარდა ამისა, აღნიშნული გავლენას ახდენს “ინოვას” მიერ CO2-ის ემისიაზე, ანუ ემისია ყოველწლიურად 330 ტონით მცირდება, რაც წელიწადში 15 000 ხის მიერ აბსორბირებული CO2-ის რაოდენობის ტოლია.

“ინოვას” დირექტორი გიორგი ყიფიანი ამას “ყველასთვის მომგებიან სიტუაციას” უწოდებს და ამბობს, რომ “ინოვას” ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ კომპანიისთვის არის მომგებიანი, არამედ გარემოსთვისაც.

“თითოეული კილოვატი ენერგიის საწარმოებლად უამრავი რესურსი იხარჯება და ხდება CO2-ის ემისია, რაც კაცობრიობისთვის უდიდესი გამოწვევაა. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებ ენერგიას მოვიხმართ, მით უფრო ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ზოგადად, უაზროდ დახარჯული ენერგიის დაზოგვით უდიდესი წვლილის შეტანა შეგვიძლია გარემოზე ზრუნვის საქმეში”, -ამბობს გიორგი ყიფიანი.

ევროკავშირის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობის სფეროში

გიორგი ყიფიანი განმარტავს, რომ რემონტის დროს გამოყენებული სხვადასხვა სამშენებლო მასალა, აღჭურვილობა, მოწყობილობები და ინდივიდუალური სისტემები უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში ჩვეულებრივ გამოყენებული მასალები, და ბევრი საწარმოსთვის ასეთი მაღალი ფასი ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, მისივე თქმით, “ენერგოკრედიტის” პროგრამის ფარგლებში მიღებული ევროკავშირის გრანტი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) “ენერგოკრედიტის” პროგრამა 2007 წელს დაიწყო. ევროკავშირი ამ პროექტში 2012 წლიდან ჩაერთო, როგორც სუბსიდიის დონორი, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებს ენერგოეფექტურობის სფეროში. ამ პროექტმა შვიდი ქართული კომერციული ბანკის საშუალებით სესხები შესთავაზა ბიზნესებს და ოჯახებს საკუთარი ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ბენეფიციარებმა ასევე მიიღეს „ქეშბექი“ პროგრამიდან ევროკავშირის გრანტის ფორმით (ენერგოეფექტურ აღჭურვილობასა და მასალებზე გადახდილი თანხის 10-15%). სესხის მისაღებად განმცხადებლებს უნდა დაეკმაყოფილებინათ ერთი პირობა – მათი პროექტი ენერგოეფექტური უნდა ყოფილიყო.

“ენერგოკრედიტი საქართველოს” ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ზურაშვილი ამბობს, რომ ბენეფიციარებმა მიიღეს ენერგოეფექტურ რეაბილიტაციაში ინვესტირებული თანხის 10-15%. კლინიკამ “ინოვა” მიიღო 10%, ანუ დაახლოებით 29 000 ევრო მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციაზე 290 000 ევრო დახარჯა.

მცირე და საშუალო ბიზნესების გარდა, პროექტის ფარგლებში სამომხმარებლო სესხები ასევე გაიცა კერძო პირებზე საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის შესაძენად. ამ სესხების განსახილველად ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა უნდა ყოფილიყო ენერგოეფექტური.

“პროგრამის მთლიანი თანხის (68 მილიონი ევრო) 40% ინდივიდუალურ სამომხმარებლო სესხებს მოხმარდა”,- ამბობს გიორგი ზურაშვილი.

შეიქმნა ვებ-პლატფორმა, რომელზეც განთავსდა ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა და გამოქვეყნდა იმ მაღაზიების სია, რომლებიც ენერგოეფექტური ტექნიკით ვაჭრობდნენ. ამ ტექნიკის შეძენისას მომხმარებლებს შეეძლოთ განაცხადის შეტანა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 10%-იან გრანტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ ტექნიკაში გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნება.

როგორც გიორგი ზურაშვილი აღნიშნავს, ამ მომსახურებით საქართველოში 30 000-მა მომხმარებელმა ისარგებლა: “ამ პროექტმა საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია”, -ამობობს ის.

ენერგოაუდიტი

სესხების და გრანტების გარდა, პროგრამა ასევე ატარებდა საშუალო ბიზნეს-პროექტების ენერგოაუდიტს. “ენერგოკრედიტის” ფარგლებში უფასო ენერგოაუდიტი ჩაუტარდა მცირე და საშუალო საწარმოების მიერ “ენერგოკრედიტის” დაფინანსების მისაღებად წარდგენილ პროექტებს. იმ შემთხვევებში, სადაც საჭირო იყო ენერგოეფექტურობის დამატებითი პოტენციალი, აუდიტორები განმცხადებლებს აძლევდნენ რეკომენდაციებს დასახული მიზნის მისაღწევად.

როგორც გიორგი ზურაშვილი ამბობს, “ენერგოაუდიტი ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, როგორც, მაგალითად, ჩვენთან ფინანსური აუდიტი. საწარმო ვალდებულია პერიოდულად ჩაატაროს ენერგოაუდიტი და ჰქონდეს იმის მკაფიო სურათი, თუ რამდენად ეფექტურად მოიხმარს სხვადასხვა სახის ენერგიას. არსებობს დაწესებული ზღვრები და თუ ორგანიზაცია მათ აჭარბებს, მას ეძლევა ენერგოდანახარჯების შემცირების რეკომენდაცია. საქართველოსთვის ეს პრაქტიკა სიახლეს წარმოადგენს. ენერგოაუდიტი არ არის სავალდებულო, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა კანონმდებლობის დასახვეწად და ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოვებლად, რაც ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ქვეპუნქტია”.


სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით EU4Energy ინიციატივის ფარგლებში. სტატიის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი