ახალი ამბები

პოლიციამ აქციის მონაწილეებს მეორე მანქანა ჩამოართვა

25 ნოემბერი, 2019 • 901
პოლიციამ აქციის მონაწილეებს მეორე მანქანა ჩამოართვა

ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს ჩამოართვა მანქანა, რომლითაც დღევანდელი, 25 ნოემბრის აქციისთვის სპეციალური ეკიპირება და შეშა ჩამოჰქონდათ. “მთავარის” ინფორმაციით, მანქანა ნაციონალური მოძრაობის კუთვნილებაა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩამოართვეს აქციისთვის განკუთვნილი მანქანა, ერთ-ერთმა პოლიციელმა უპასუხა, რომ ისინი მოქმედებენ კანონის შესაბამისად, დანარჩენზე განმარტებს კი ახლა არ გააკეთებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის განმარტებით, პოლიცია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან გამოჰყვა:

“ეს იყო სპეციალურად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც აქციის მონაწილეების საწინააღმდეგოდ დაგეგმეს… როდესაც მანქანა დაიძრა ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან, მთელი გზის განმავლობაში ვაკვირდებოდით, ხან ერთი პატრულის მანქანა გადაგვისწრებდა, ხან- მეორე…”

დღეს, 25 ნოემბერს, ასევე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ორი პირი, რომელთაც სატვირთო მანქანით შეშა გადაჰქონდათ პარლამენტის მიმართულებით. “ევროპული საქართველო” ამბობს, რომ ეს მათი ავტომობილი იყო, რომელიც საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

შეშით დატვირთული მანქანა საჯარიმოზეა, ორი პირი დავაკავეთ – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი