ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება – სუსი

23 ნოემბერი, 2019 • 1929
საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება – სუსი

“ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების, ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება”, – განუცხადა სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ნეტგაზეთს” 23 ნოემბრის საღამოს. 

“მთავარმა არხმა” დღეს გაავრცელა კადრები, რომელზეც ასახულია სახმედრო ტექნიკის მობილიზება გამყოფ ხაზთან. არხის ცნობით, ეს არის სოფელ ძარას მიმდებარე ტერიტორია. 

თუმცა ამ ცნობას სუსი არ ადასტურებს. 

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უკანონოდ არის განლაგებული საოკუპაციო ძალები და სამხედრო ტექნიკა.  ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ პერიოდულად ტარდება უკანონო სამხედრო წვრთნები.

ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება”, – აცხადებენ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

“ნეტგაზეთი” გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს:

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ დაუფიქსირებია, არც ინფორმაცია მიუღია სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ტექნიკის ან პერსონალის რაიმე სახით მობილიზების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით არ მომხდარა არც ცხელი ხაზის გააქტიურება”.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი