ახალი ამბები

თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ალბათ მისი გუნდი წევრი ვიქნები – ჯაში

23 ნოემბერი, 2019 • 1498
თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ალბათ მისი გუნდი წევრი ვიქნები – ჯაში

პარლამენტარი, უმრავლესობის და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ თუკი ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, კვირიკაშვილის გუნდის წევრი გახდება.

„დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება, უაღრესად დადებითი ნაბიჯი იყოს. თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა 2020 წელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე განუცხადა ჯაშმა ჟურნალისტებს 22 ნოემბერს.

„ერთი მიმართულება პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნებაა, თუმცა პოლიტიკაში მოსვლას არც 2016 წელს ვგეგმავდი და ეს აუცილებელი გახადა გარკვეულმა გარემოებებმა. დაველოდები და თუ სიტუაცია პოლიტიკაში ჩემს დარჩენას მოითხოვს, შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა ეს ძალიან ადრეა”, – თქვა ჯაშმა.

მარიამ ჯაშმა წინა კვირას დატოვა უმრავლესობა მას შემდეგ, რაც გუნდმა პროპორციული არჩევნების საკონსტიტუციო პაკეტი ჩააგდო.

გიორგი კვირიკაშვილმა კი 2018 წლის ივნისში დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. 2019 წლის სექტემბერში მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ აზრი გამოხატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი