ახალი ამბები

ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება საინვესტიციო იმიჯისთვის საზიანოა – კვირიკაშვილი

28 სექტემბერი, 2019 •
ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება საინვესტიციო იმიჯისთვის საზიანოა – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ აზრს დააფიქსირებს.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება საქართველოს საინვესტიციო გარემოს აზიანებს.

კვირიკაშვილმა “მთავარ არხს” ასევე უთხრა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ თითქოს ის და მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ რაღაცას გეგმავდნენ. ივანიშვილმა ეს დაიჯერა და კვირიკაშვილის თქმით, “შემდეგი ქმედებებიც ამაზე ააგო”.

“აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჩემი ატიური მოქალაქეობრივი თუ პოლიტიკური პოზიცია მექნება. ეს გამოიხატება იმაში, რომ რაღაც შეიძლება მომწონდეს, რაღაც არა. მაგალითად 20 ივნისს რაც იყო ძალიან არ მომეწონა და განვაცხადე კიდეც ამის შესახებ. ასეთი რამ შესაძლო კიდევ მოხდეს. ზოგი ამბობს დააშანტაჟეს და ა.შ დაშანტაჟებულ კაცს მგონი არ ვგავარ, ხო?!

ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება ჩემი აზრით ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის და ეს არის წყალში ჩაყრა ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის. ის ზღაპარი თითქოს ჩვენ წელიწადნახევრის წინ ერთად რაღაცას ვაპირებდით ეს არის ზღაპარი მოგონილი ვიღაცეების მიერ. მათ ამ მითის მოგონება აწყობდათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილმა ეს არათუ დაიჯერა, არამედ ამ საკითხზე მთელი მოქმედებები ააგო,”-აცხადებს კვირიკაშვილი.

“ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხაზარაძე იძულებული გახდეს პოლიტიკაში მოსულიყო. კვირიკაშვილის მტკიცებით რამდენიმე თვის წინ, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა უთხრა, რომ ანაკლიის პორტის გამო, პოლიტიკაში მოსვლაზე არც ფიქრობდა.

“ისტორია რომ კვირიკაშვილი-ხაზარაძე დამოუკიდებელი პლათფორმის შექმნას აპირებდნენ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ეს მითი მოიგონეს იმ ადამიანებმა რომელთა ნაწილსაც [ანაკლიის პროექტის] შეჩერება სურდათ… ზოგს კი პოლიტიკური სურვილები ჰქონდათ… ერთხელ ვესაუბრე ამ საკითხზე ხაზარაძეს და ვკითხე [პოლიტიკაში ჩართვაზე] მაშინ წელიწადნახევრის წინ, მან მითხრა, რომ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული და არანაირი განზრახვა, რომ პოლიტიკაში მოსულიყო არ ჰქონია. რაც შეეხება იმას დღეს რაც ხდება. მგონია, რომ ის [ხაზარაძე] იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა,”-ამბობს კვირიკაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი