ახალი ამბები

გორმა €68 000 ვერ აითვისა, ფული დააბრუნებინეს და 10 ათასი ლარი იზარალა – აუდიტი

22 ნოემბერი, 2019 • 1934
გორმა €68 000 ვერ აითვისა, ფული დააბრუნებინეს და 10 ათასი ლარი იზარალა – აუდიტი

აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიშის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ აითვისა პოლონეთისგან მიღებული გრანტი, 68 354 ევრო, რის შემდეგაც ამ თანხის უკან დაბრუნება მოუწია, თუმცა ეროვნული ვალუტიდან უკან, ევროში კონვერტაციისას 10 000 ლარზე მეტი იზარალა.

აუდიტის სამსახური წერს, რომ 2017 წლის 31 ივლისს გორის მუნიციპალიტეტსა და პოლონურ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პოლონურმა მხარემ გრანტის სახით გამოყო 68 354 ევრო.

გორის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ დაფინანსების ფარგლებში განახორციელებდა სოფელ ტინისხიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობის რეაბილიტაციას და აღჭურვას. ამ პროექტის „დედლაინად“ განისაზღვრა 2017 წლის 30 ნოემბერი.

თუმცა აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ გორის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულებების შესრულება და, შესაბამისად, გრანტის სახით მიღებული დაფინანსების გამოყენება პროექტის განსახორციელებლად. კერძოდ, აუდიტის თანახმად, მოხდა შემდეგი რამ:

საგრანტო შეთანხმების გაფორმების დროს დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეთანხმებას ხელი მოაწერა 2017 წლის 31 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არ ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული საკრებულოს წინასწარი თანხმობა და მთავრობის ნებართვა გრანტის აღებაზე. აღნიშნული პროცედურების განხორციელება დაიწყო დაგვიანებით, საგრანტო დაფინანსების მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები 2017 წლის 28 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდნენ პოლონეთში, სადაც შედგა წინასწარი შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობაზე და გრანტის გამოყოფაზე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს დროულად უნდა დაეწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერამდე საკრებულოს წინასწარი თანხმობისა და მთავრობის ნებართვის აღება.

დაგვიანებით დაწყებული პროცედურების გამო მთავრობის ნებართვა მიღებული იქნა 2017 წლის 13 სექტემბერს. ნებართვის მიღების შემდეგ მოხდა ჩარიცხული თანხის კონვერტაცია ლარში, რამაც 200 149 ლარი შეადგინა. გრანტის ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება განხორციელდა 21 სექტემბერს, ხოლო შესყიდვის განხორციელების მიზნით ტენდერი გამოცხადდა 3 ნოემბერს. აღსანიშნავია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

ტენდერზე წინადადებების მიღება დასრულდა 15 ნოემბერს, თუმცა შესყიდვის პროცედურები აღარ გაგრძელდა. ამავე პერიოდს დაემთხვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის პროცესი. საბოლოოდ, სატენდერო კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის ოქმის მიხედვით, სატენდერო პროცედურები შეწყდა. შეწყვეტის მიზეზად მოყვანილია ის გარემოებები, რომ 24 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას გამოვლინდა ხარვეზები და ის საჭიროებდა კორექტირებას. ამასთან, პოლონურ მხარესთან გაფორმებული შეთანხმების პირობების თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 30 ნოემბერს, რაც არსებული გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.

მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 27 ნოემბერს პოლონურ მხარეს აცნობა, რომ შეთანხმებულ ვადაში ვერ ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს და სთხოვა პარტნიორობის ვადის გაგრძელება რამდენიმე თვით. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მუნიციპალიტეტს ავალდებულებდა, რომ პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი ხელის შემშლელი ფაქტორებისა და პრობლემების შესახებ მოეხდინა პარტნიორის ინფორმირება.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გამოიკვეთა თანხის მიღების მომენტიდანვე, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს პოლონური მხარისათვის და არ მიუწოდებია შესაბამისი ინფორმაცია. 27 ნოემბერს გაგზავნილი წერილის პასუხად პოლონურმა მხარემ თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნება. მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ასახული 200 149 ლარით შესაძლებელი გახდა 65 070 ევროს შეძენა, რომელიც პოლონურ მხარეს გადაერიცხა 30 დეკემბერს. რაც შეეხება დარჩენილ 3 285 ევროს, აღნიშნული თანხა პოლონურ მხარეს გადაერიცხა 2018 წლის იანვარში, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 10.2 ათასი ლარი.

ამგვარად, მუნიციპალიტეტის (შესაბამისი პასუხისმგებელი პირების) მიერ მიღებული არაეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებებისა და პროექტის განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების შედეგად, ვერ იქნა უზრუნველყოფილი პოლონურ მხარესთან დადებული შეთანხმების პირობების შესრულება და საგრანტო დაფინანსების ათვისება. შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და ადგილობრივ მოსახლეობას მიეღო 200 ათასი ლარის სარგებელი, პროექტი არ განხორციელდა, დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაეფექტიანად დაიხარჯა 10.2 ათასი ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი