ახალი ამბები

გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება

11 იანვარი, 2024 • 1163
გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება

გორში კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.

სერგო ბიჩენოვი ჰყვება, რომ ის დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.  მისი თქმით, როცა დაინტერესდა, რისთვის აკავებდნენ, პოლიციელმა მას შეაფურთხა და ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სცემეს.

“დამსვეს მანქანაში, გვერდზე მომიჯდა ის ჯოყოლიჩი [პოლიციელი], ფუ, შენნაირი კაცის დედაო, რა, ეგრე მითხრა და შემაფურთხა. რაზეც ადეკვატურია, ბუნებრივია, ჩვეულებრივი პასუხი დავუბრუნე მეც. ანალოგიური, ოღონდ შეფურთხებით არა, სიტყვიერად შევაგინე მეც […] რაზეც გამოვიდა წყობილებიდან, დამიწყო რტყმა. ბორკილები მადევს და ღმერთს ვფიცავარ, ძალიან მძიმე წუთები გამოვცადე. 14 დარტყმა ავიტანე და მე-15 თუ იყო, აღარ მახსოვს აღარაფერი”, – უთხრა ბიჩენოვმა TV პირველს.

მისი თქმით, ცემის დროს გონება დაკარგა. დაზიანებების კვალი სხეულზე ამ დრომდე ეტყობა და მუშაობას ვეღარ ახერხებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 2023 წლის 30 დეკემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე.

ფოტო: კადრი TV პირველის ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი