ახალი ამბები

ნათია ზოიძეზე ახალი დირექტორის განცხადება ნიშანდობლივია – აჭარა TV-ის ჟურნალისტები

22 ნოემბერი, 2019 • 1743
ნათია ზოიძეზე ახალი დირექტორის განცხადება ნიშანდობლივია – აჭარა TV-ის ჟურნალისტები

მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომლის არჩევის შემთხვევაშიც ჟურნალისტების ნაწილი შიშობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას დაკარგავდნენ, მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ კოხრეიძის განცხადების გამო მაუწყებლის თანამშრომლის, ნათია ზოიძის მისამართით.

განცხადება პირდაპირ ეთერში წაიკითხა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი, ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია.

საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე.

ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი.

მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ არის გარკვეული პირების მიერ თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალის​ტიკის მაღალი სტანდარტით”.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/241341/

მასალების გადაბეჭდვის წესი