ახალი ამბები

ბაკურიძემ, ჩიხლაძემ და ზოიძემ “ტვ პირველი” დატოვეს

17 ნოემბერი, 2020 • 11153
ბაკურიძემ, ჩიხლაძემ და ზოიძემ “ტვ პირველი” დატოვეს

ტელეწამყვანებმა — თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ, ასევე, პროდიუსერმა ნათია ზოიძემ “ტვ პირველი” დატოვეს.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სამივე მათგანმა დაუდასტურა. ამასთან, ჟურნალისტები  გადაწყვეტილებას სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს არ უკავშირებენ.

“ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება სარედაქციო თავისუფლების საკითხს. “ტვ პირველმა” მომცა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი “ღამის ამბები”, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ, თუმცა, საბოლოდ, გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იღებ. ამ ეტაპზე ეს ჩემი არჩევანია. აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში. სამომავლო საქმიანობას რაც შეეხება, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამარ ჩიხლაძემ.

თეონა ბაკურიძის თქმით, მისი გადაწყვეტილება, ასევე, არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას.

“ჩემი მხრიდან თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა. ეს არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს, რაც ჩემს გადაცემებში გარანტირებული იყო. სწორედ სარედაქციო თავისუფლების გამო მოვედი მე ამ არხზე, მადლობა “ტვ პირველს “ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “დღის ამბების” წამყვანმა თეონა ბაკურიძემ.

მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, სად გააგრძელებს საქმიანობას.

ტელევიზიის დატოვების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა “ნეტგაზეთს” “დღის ამბების” პროდიუსერმა ნათია ზოიძემაც, თუმცა მიზეზების შესახებ არ უსაუბრია.

“ხელშეკრულება ამომეწურა და აღარ გავაგრძელე”, – აღნიშნა ზოიძემ.

არხის დირექტორი ვახტანგ წერეთელი ჟურნალისტების და პროდიუსერის წასვლას Facebook პოსტით გამოეხმაურა.

“ტვ პირველის” ძალიან მაგარი გუნდისთვის ყოველთვის სამწუხაროა, როცა არხიდან მიდის ნებისმიერი ადამიანი, რა პოზიაციაზეც არ უნდა მუშაობდეს ის. თუმცა ჯანსაღი პროცესია რომ არხზე მოდიან და მიდიან ადამიანები. მთავარია რომ ერთმანეთის გადაწყვტილებას პატივი ვცეთ ყველა მხარემ. წარმატებები უკვე ჩემს ყოფილ თანამშრომლებს და მეგობრებს.”ტვ პირველი” კი მზარდი რეიტინგით აგრძელებს მუშაობას. “მოვლენების შუაგულში და გავლენებს მიღმა” ვართ ყოველთვის იქ სადაც ვჭირდებით ჩვენს მაყურებელს”, – წერს ვახტანგ წერეთელი.


ეს მიმდინარე წელს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “ტვ პირველს” ჟურნალისტები და პროდუსერები ტოვებენ. 2020 წლის 12 ივნისს “ტვ პირველიდან” წასვლის შესახებ განაცხადეს წამყვანებმა: ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა. მათთან ერთად ტელევიზია დატოვეს “პოლიტმეტრის” პროდიუსერმა გიორგი დარჩაშვილმა, პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ხატია შამანაურმა, წამყვანმა გიორგი კიკაბიძემ, პროდიუსერმა მიხო კოტეტიშვილმა, წამყვანმა და ჟურნალისტმა სოფო მაისურაძემ.

21 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შემდეგ მთავარი არხიდან ტვ “პირველზე” კიდევ ექვსი ჟურნალისტი გადავიდა.

პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს აღარ უღელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით”.

პირველ მაისს ინგა გრიგოლია ”ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი იყო, საინფორმაციო სამსახურსს კი თავად უხელმძღვანელებდა.

6 ივნისს ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახება” დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები. ის არხზე დარჩა და საკუთარი გადაცემა გააგრძელა.

6 ივნისს არხის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა გრიგოლიას განცხადების შემდეგ თქვა, რომ ტელევიზიის გენერალური დირექტორი კვლავ თავად იქნება. 

ჟიჟილაშვილმა და სანაიამ ტვ “პირველი” გუნდთან ერთად დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი