მიუღებელია ნებისმიერი დიქტატი მედიაზე, თქვენ მხარეს ვარ – ზოიძე აჭარის მაუწყებელს

„მიუღებელია ნებისმიერი დიქტატი მედიაზე“, — ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე აჭარის ტელევიზიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

22 ნოემბერს, აჭარა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა აჭარის ტვ-ს ახალი დირექტორის არჩევას, რომელიც ამბობს, რომ „ჟურნალისტებს უნდა ასწავლოს მოთმინება“, კაკი ზოიძემ უპასუხა:

„მიუღებელია ნებისმიერი დიქტატი მედიაზე, თუმცა მიუღებელია ასევე მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის, მფლობელების მხრიდან ის უხამსი საქციელები, რასაც აკეთებენ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის საბაბი, რომ მედიაზე რაიმე სახის დიქტატი განახორციელონ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მსგავსი ეპიზოდი ახსენდება აჭარის ტელევიზიიდან, უპასუხა: „თქვენზე არ არის საუბარი“.

ამის შემდეგ ჟურნალისტის ნათქვამზე, რომ ისინი არიან ობიექტური მედია, უპასუხა: „გეთანხმებით, და მიუღებელია ნებისმიერი სახის დიქტატი მედიაზე. რედაქციული დამოუკიდებლობა, ობიექტური შეფასება მოვლენების, არის იმის საწინდარი, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია განვითარდეს და რეალური სურათი დავინახოთ და არა გაუკუღმართებული. ერთმნიშვნელოვნად თქვენ მხარეს ვარ, ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელიც იცავს მედიის დამოუკიდებლობას და ობიექტურობას“.


22 ნოემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა, რომლის არჩევის შემთხვევაშიც მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის რისკებს ხედავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com