ახალი ამბები

ბექა ბასილაია ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრებას არ აპირებს

22 ნოემბერი, 2019 • 2112
ბექა ბასილაია ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრებას არ აპირებს

18 ნოემბერს დაკავებული იურისტი და აქტივისტი ბექა ბასილაია წერილს ავრცელებს. 13-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ბასილაია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას არ აპირებს.

“მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მოწყალებას არ ვთხოვ. ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პატიმრები და ჩვენთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება არა სასამართლო დარბაზებში, არამედ ივანიშვილის კარნახით, რასაც უსიტყვოდ ემორჩილებიან ფილიშვილები, მურუსიძეები, იაშვილები, ჩახნაშვილები, ხორავები, კლანია სახელი მათი;

ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დაადგა პუტინიზაციის გზას, მისი ღიად პრორუსული რეჟიმისგან შეფარდებული 13-დღიანი პატიმრობა რა მოსატანია იმ გმირი ქართველების ტყვეობასთან, ვინც საოკუპაციო რეჟიმების ციხეებში იმყოფებიან. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ბედში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეუხერხულება კიდეც მათ გვერდით რომ ვახსენებ თავს გორში, მხოლოდ 13 დღით, ოჯახის, მეგობრების, თანამებრძოლების, კოლეგების ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმარი”, – წერს ბასილაია და დასძენს, რომ დაწყებული ბრძოლა არ გაჩერდება.

“აღმოჩნდა, რომ ამ ტექსტამდე, ჩემს მეგობარსა და კოლეგას [ადვოკატი] ივანე პეტრიაშვილს ჩემთან შეუთანხმებლად, ცხადია, კეთილი მიზნებით, შეუტანია სააპელაციო საჩივარი, რაც უახლოეს დროში იქნება ანულირებული. პ.ს. საქართველოს მთავარ პროკურატურას მოვუწოდებ, ჩემი პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით ნუ შეიტანთ პროტესტს, როგორც ეს წინა შემთხვევაში გააკეთეთ საზოგადოების ზეწოლის შედეგად. არავის სჭირდება თქვენი ყალბი ჰუმანიზმი”, – წერს ბექა ბასილაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი