ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, თემურ ალასანია საქართველოში აღარ იმყოფება

20 დეკემბერი, 2021 • 2250
ადვოკატის თქმით, თემურ ალასანია საქართველოში აღარ იმყოფება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ საქართველო დატოვა. როგორც მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, ალასანია რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში გადავიდა საქმიან ვიზიტზე, რის შესახებაც პროკურატურასაც ჰქონდა ინფორმაცია. ამის შესახებ ბასილაიამ “TV პირველთან” განაცხადა.

მისი თქმით, ალასანიას აღნიშნულ ქვეყანაში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს და საქართველოში დაბრუნება ამ მიზეზით ვერ შეძლო:

“ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ სასამართლოს წინაშე მივცემთ ჩვენებას, ამავდროულად, პირდაპირ ვუთხარით [პროკურატურას], რომ შაბათ-კვირას თემურ ალასანიას საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ჰქონდა ვიზიტი. ის საქართველოს მეზობელ ერთ-ერთ ქვეყანაში გადავიდა ვიზიტზე, პროკურატურას სრული წვდომა აქვს და იცის ეს ინფორმაცია. იქ გახდა ძალიან შეუძლოდ, იმყოფებოდა ერთ-ერთ ჰოსპიტალში, ჰქონდა მოწამვლის ნიშნები. აქედან გამომდიანრე, არა მხოლოდ გამოკითხვაზე გამოცხადება, საქართველოში უკან მობრუნებაც ვერ შეძლო, რადგან ჰოსპიტალიზებულია”, – განაცხადა ბასილაიამ.

ალასანიას შესახებ დღეს, 12 დეკემბერს ისაუბრა საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემაც. მისი თქმით, ალასანია 20 დეკემბერს მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო. მისი განცხადებით, საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგების სანაცვლოდ ქრთამის აღების სავარაუდო ფაქტს:

“საუბარია, 2012 წლამდე პერიოდში, ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარების და იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგების სანაცვლოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენისგან 1 მლნ.აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტზე. სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებულ იქნა თეიმურაზ ალასანია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, თუმცა მან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და. შესაბამისად, მისი უარი იყო ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ჩვენ, ბრალდების მხარემ სასამართლოს მივმართეთ მისი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და დღევანდელ სხდომაზე, წესით და რიგით, უნდა დაკითხულიყო მოწმის სტატუსით, თუმცა, ის სასამართლოში არ გამოცხადდა”, – განაცხადა სადრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი