ახალი ამბები

ამბობენ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა, სხვა დეტალები არ ვიცი – სააკაშვილის ადვოკატი

18 ნოემბერი, 2021 • 1358
ამბობენ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა, სხვა დეტალები არ ვიცი – სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიას განაცხადებიღ, სახალხო დამცველის აპარატისგან შეიტყო, რომ პენიტენციურ სამსახურში მათ განუცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა.

„სხვა დეტალები არ ვიცი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, გააცნოს საზოგადოებას ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და საკაცით აიყვანეს.

ბასილაიას თქმით, ამ დროისთვის [18:25] მისთვის უცნობია, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ამბობს, რომ წაქცევის შემდეგ კონტაქტური არ იყო:

„მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ. უკვე რომ გამოდიოდა ოთახში, მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში ჩამოიტანეს საკაცე. წაქცევის მერე მისგან ერთი სიტყვა არ გამიგია. გადააწვინეს საკაცეზე და ვიდრე გამოვიდოდით, 10 წუთი მოვიცადეთ, იქნებ რამე გაგვეგო, მაგრამ ამ მომენტამდე არაფერი არ ვიცით.

მანამდე ძალიან მძიმედ იყო მიშა. როცა ჩვენ გვხვდებოდა, ძალიან ცუდად იყო. ათი წუთია დაახლოებით, რაც აიყვანეს, წაქცეულზე არ ვიცი, სამედიცინოდ რა უნდა ვთქვა, თვალები ხელით გავუხსენით“, — ამბობს ბექა ბასილაია.

ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში კვლავ იმყოფება ნიკა გვარამია. „ნეტგაზეთი“ ამ წუთებში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში. არცერთი პრესსამსახური ამ დრომდე ნეტგაზეთის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი