ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty International: გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

22 ნოემბერი, 2019 • 1602
Amnesty International: გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალში დაპატიმრებას ეხმაურება:

“აუცილებელია, ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები რაც შეიძლება მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეაფასოს. ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გამყოფი ხაზის გადაკვეთის მოტივაცია შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ მისი პატიმრობა საერთაშორისო სამართლით უკანონოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ამასთან, ახალგორის გამშვები პუნქტის დაკეტვა და იქ მიმოსვლის თავისუფლების სრული აკრძალვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რაც საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა”.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.
“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.
რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი