ახალი ამბები

ჟურნალისტმა როგორ გაიღვიძა, იმაზეა დამოკიდებული – კოხრეიძე არხის კრიტიკულობაზე

22 ნოემბერი, 2019 • 963
ჟურნალისტმა როგორ გაიღვიძა, იმაზეა დამოკიდებული – კოხრეიძე არხის კრიტიკულობაზე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ ტელევიზიის კრიტიკულობა იმაზეა დამოკიდებული, თუ „როგორ გაიღვიძა დილას“ ჟურნალისტმა.

„რა თქმა უნდა, ტელევიზია უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ეს თუ დადის თანამშრომლის დონეზე, იქ უკვე მის [ჟურნალისტის] განწყობაზე ვართ დამოკიდებული, იმან როგორ გაიღვიძა დილას, და ბევრ დონეზე“, — განაცხადა კოხრეიძემ 22 ნოემბერს მრჩეველთა საბჭოსთან გასაუბრებაზე. მისი თქმითვე, ტელევიზიის ყველა თანამშრომელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის „ინფორმაციის მიმტანია“.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობაზე კონკურსი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მეოთხედ ტარდება. კოხრეიძის არჩევის შემთხვევაში, ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი შიშობს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება. დღევანდელ გასაუბრებაზე კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს უთხრა:

„ბევრი არის პრობლემა და არ მინდა, რომ მხოლოდ პრობლემებზე ვისაუბრო. ეს პრობლემა შეიძლება იქვას, რომ არის პრობლემა, მაგრამ გადასაჭრელად არ არის ძნელი, იოლია. მარტივ რამეს ვიტყვი: დღეს გვესმის ყურში, თავდაცვის მიზნით ხდება ეს თუ რა მიზნით, ვიღაცა, რომელიღაცა რესპონდენტი შემოეკამათა წამყვანს.

ეს პრობლემა ძალიან მარტივად გვარდება და ამას აქვს მიზეზი, რატომაც მოხდა ეს კონფლიქტი. რომ ჩვენ მსგავსი გვინახავს სხვაგანაც, მაგრამ არ მისულა ეს ყველაფერი იმ კონფლიქტამდე, რომელმაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ამისთვის არის საჭირო ის, რომ გააცნობიეროს ტელევიზიის ყველა თანამშრომელმა, რომ ის ყოველთვის არის მიმტანი გარკვეული ინფორმაციის.

იმიტომ, რომ კრიტიკულობაზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ტელევიზია უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ეს თუ დადის თანამშრომლის დონეზე, იქ უკვე მის განწყობაზე ვართ დამოკიდებული, იმან როგორ გაიღვიძა დილას, და ბევრ დონეზე ვართ. და ეს თუ არ იქნა გარკვეულწილად დაბალანსებული, ყოველთვის მოხდება მსგავსი რაღაცები, რაც არ უნდა მოხდეს და მე თუ მოვედი აქ, დარწმუნებული იყავით, რომ [არ მოხდება]“…

რამდენიმე დღის წინ „აჭარის ტელევიზიის“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანს, თეონა ბაკურიძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ „ნაცმოძრაობას“ უნდა „გაემიჯნოს“; აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მას მიმართა სიტყვით: „დაოკდი“;

მანამდე ბიძინა ივანიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც მას კითხვებს უსვამდა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, უთხრა, რომ აჭარის ტელევიზია „რუსთავი 2-ის ფილიალია“: „დაწყნარდით, შვილო, ნუ უზრდელობ. როგორ ერთმანეთს გავხართ (იგულისხმა საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი 2)“.


რას აპირებენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები, თუკი დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდება, ან ვინმე სხვა, რომელიც პოლიტიკური ინტერესის გატარებას ეცდება? რა ფორმით წარმოუდგენიათ ჟურნალისტებს თავისუფალი რედაქციის დაცვა? ამ საკითხების და აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად გირჩევთ წაიკითხოთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/240679/

მასალების გადაბეჭდვის წესი