“ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიას აქტივისტებმა პრესკონფერენცია არ ჩაატარებინეს. დეპუტატს ბრიფინგი მედიაცენტრ “მთავარში” უნდა გაემართა, სადაც მოძრაობა “გაბედეს” წევრები დახვდენ.
აქტივისტები ქვარაიას ეკითხებოდნენ, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო თუ არა დავალება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილება ჩაეგდო.
“თქვენ აგირჩიათ საზოგადოებამ და პასუხსიმგებელი ხართ ქართველი ხალხის წინაშე. არ მოგცემთ საშუალებას, ჩაატაროთ პრესკონფერენცია” ,- ამბობდნენ აქტივისტები.
ქვარაიას მედიაცენტრის დატოვება შეძახილების ფონზე მოუწია.
პარალელურად, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრები დილიდან ცდილობენ, ბოქლომები სიმბოლურად დაამაგრონ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს საქართველოს რეგიონებში. “დაბოქლომების” აქცია სხვადასხვა ქალაქში დღეს, 22 ნოემბერს, თითქმის ერთდროულად დაიწყო.
როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ აქციის ჩატარებაში ხელს უშლიან როგორც პოლიციელები, ისე დაცვის სამსახურის თანამშრომლები და ხელისუფლების მხარდასაჭერად მობილიზებული ადამიანები.
როგორც პარტიის ოფიციალურ ფეისბუკვერდზეა აღნიშნული, “დაბოქლომების” აქცია დილიდან მიმდინარეობს ოზურგეთში, ახალციხეში, ხაშურში, რუსთავში, თელავში, წალენჯიხაში, ცხოროწყუში, ლაგოდეხში, თბილისის სხვადასხვა უბანში და ა.შ. გარდა ჯაჭვიანი ბოქლომების დადებისა, “ევროპული საქართველოს” წევრები მაჟორიტართა ბიუროებს აკრავენ სტიკერებს, წარწერით “დალუქულია”.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, ეს არის სიმბოლური აქცია, რომლის მიზანიც არის იმის ჩვენება, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეუყანაში ერთპიროვნულ მმართველობას, რაც პროპორციულ არჩევნებს უნდა დაესრულებინა.








