ახალი ამბები

ზვიად კუპრავა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

22 ნოემბერი, 2019 • 1399
ზვიად კუპრავა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ზვიად კუპრავა, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე ციხეში 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, დღეს, 22 ნოემბერს, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კუპრავას სასჯელის მოხდის ვადა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს უსრულდება, თუმცა, პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად :

“თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. ამიტომ კუპრავა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გათავისუფლდა საპატიმროდან”, – ამბობს სამსახური.

ზვიად კუპრავას ბრალი 2018 წლის 9 ივლისს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენეს გირაო 5000 ლარის ოდენობით. 2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით, რის შემდეგ ზვიად კუპრავა 2019 წლის 24 თებერვალს დააკავეს.


ზვიად კუპრავას მოსამართლე ელენე გოგუაძემ 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდება კუპრავას ედავებოდა, რომ 11 ივნისს, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტისას, მან უცენზურო ფრაზები გამოიყენა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მიმართ.

ზემოაღნიშნული ინციდენტის შემდეგ “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” სსკ-ის 366-ე მუხლი მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი