ახალი ამბები

რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად ანგრევს ქართული საზოგადოების სეგმენტებს – მეუფე გრიგოლი

21 ნოემბერი, 2019 • 4395
რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად ანგრევს ქართული საზოგადოების სეგმენტებს – მეუფე გრიგოლი

“რუსეთის ფედერაციიის სურვილი, რომ გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებრივ აზრზე, სერიოზულ სირთულეებს წარმოქმნის ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე Disinformation Alert, რომლის ორგანიზატორია ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური (ბრიუსელში).

მიტროპოლიტის თქმით, საქართველოში დღესდღეობით გავრცელებულ დეზინფორმაციის მექანიზმებს სათავე საბჭოთა კავშირში დაედო.

“დეზინფორმაცია მეოცე საუკუნეში საბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, რომლის მეშვეობითაც საბჭოეთში ხდებოდა დასავლური სამყაროს მიღწევების, ფასეულობებისა და ცხოვრების წესის დისკრედიტაცია. საბჭოთა კავშირის მსგავს ტოტალიტარულ სისტემებში დეზინფორმაცია არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. ანალოგიური ვითარება გვაქვს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ავტორიტარულ სახელმწიფოებში, სადაც დეზინფორმაცია საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მართვის მნიშვნელოვანი ბერკეტია”, – განაცხადა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

მიტროპოლიტის თქმით, დეზინფორმაციის ფენომენი მხოლოდ არათავისუფალი პოლიტიკური რეჟიმებისთვის არ არის დამახასიათებელი და დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა როგორც განვითარებადი, ასევე, შემდგარი დემოკრატიებისთვის.

“დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და პრობლემაა განვითარებადი ქართული  დემოკრატიისთვისაც, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. რუსული პროპაგანდა მტკივნეულ რელიგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე აპელირებით, ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების მიმართ დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის მოდელირებითა და სიმულაციით მიზანმიმართულად ანგრევს ქართული საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს, რითაც ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტებასა და საქართველოში დასავლური სამყაროს ხატის დისკრედიტაციას ცდილობს”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტ გრიგოლის ხედვით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ხედავს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი შემთხვევაში გადაუდებელ ამოცანას წარმოდგენს მედიაში შესაბამისი საინფორმაციო პლატფორმების განვითარება, მათი მუდმივი მხარდაჭერა და სოზოგადოებაში პოპულარიზება.

“მოწყვლად ჯგუფებში საჭიროა იმგვარი ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რომელიც შესაძლებელს გახდის თანამედროვე ქართულ სახლემწიფოში მათი მრავალმხრივი ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხარისხის ამაღლებას. ეს შესაძლებელს გახდის დეზინფორმაციის ინტენსიური ნაკადის გარკვეული დოზით შეკავებასა და დაბალანსებას”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

რაც შეეხება გრძლევადიან პერპსექტივას, გრიგოლ ბერბიჭაშვილის თქმით, ის ეხება განათლების სფეროს გაუმჯობესებასა და ნამდვილ რეფორმას.

“საგანმანათლებლო დაწესებულებამ მხოლოდ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი კი არ უნდა მოამზადოს, არამედ უნდა აღზარდოს იმ ტიპის მოქალაქე, რომელსაც კარგად ექნება განვითარებული კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარები. ასეთი მოქალაქე ადვილად მოახდენს დეზინფორმაციის და პროპაგანდის ზუსტ იდენტიფიცირებას და თვითონვე ჩაერთვება მასთან ბრძოლაში”, – აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი