ახალი ამბები

აქცია “დაგაბოქლომებთ” ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

21 ნოემბერი, 2019 • 762
აქცია “დაგაბოქლომებთ” ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

აქტივისტები და ახალგაზრდა ლეიბორისტები დღეს ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბნენ და “ქართული ოცნების” ლიდერს მიმართავენ შეძახილებით -“სირცხვილია გადამგდებო”.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ ივანიშვილის სახლთან მისი რეზიდენციის “დასაბოქლომებლად” მივიდნენ, ადგილზე კი სიმბოლურად მიიტანეს ნაგვის ურნები და პლაკატები, წარწერით “გადაუხადე დანაპირები ხალხს”.

ივანიშვილის რეზიდენციასთან მობილიზებულია პოლიციაც. აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხახდებით, ივანიშვილმა პოლიცია საკუთარ დაცვად აქცია:

“პოლიცია უნდა ემსახურეობდეს ქართველ ხალხს და არა თავგასულ ოლიგარქებს…”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, მათ შექმნეს ახალგაზრდული გაერთიანება “გაბედე”, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

“ჩვენი წინააღმდეგობა გაგრძელდება და ყოველდღიურ სახეს მიიღებს, ვეცდებით, რომ ბოლომდე მივიდეთ და “დავაბოქლომოთ” ივანიშვილის სასახლე”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, მათ მიერ მიტანილი ნაგვის ყუთები არის ქართული ოცნების დღევანდელი სახე და თუ პოლიცია ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან ახლოს არ მიუშვებს, ისინი სწორედ ამ ნაგვის ყუთებს დაადებენ ბოქლომს.

მასალების გადაბეჭდვის წესი