ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ჯერ არ გავცნობივარ – ადვოკატი 

20 ნოემბერი, 2019 • 1597
ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ჯერ არ გავცნობივარ – ადვოკატი 

ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მისმა ადვოკატმა, ვლადიმერ ფიდაროვმა მოინახულა. ფიდაროვი ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე კერძო ადვოკატია, რომელიც ქართველ ექიმს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

“გუშინ მოვინახულე გაფრინდაშვილი. ისეთ პირობებშია, როგორც იქ მყოფი სხვა ყველა პატიმარი. როგორც თავად მითხრა, თავს ნორმალურად გრძნობს და არაფერს უჩივის. ამანათების მიღების საშუალებაც აქვს და, როგორც ვიცი, შეუგზავნეს კიდეც. რაც შეეხება თავად საქმეს, მას ჯერ არ გავცნობივარ. გამოძიება კიდევ გრძელდება და უკვე მისი დასრულების შემდეგ იქნება ამის შესაძლებლობა”, – უთხრა ადვოკატმა ნეტგაზეთს.

ამავე დროს, ფიდაროვის თქმით, სხვა ვერაფერზე ისაუბრებს, რადგანაც გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

უკვე გუშინ, 19 ნოემბერს ცხინვალის КГБ [უშიშროების სამსახური] -მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი