ახალი ამბები

ბერაძე: პანორამა თბილისის მშენებლობა მალე დაიწყება და 6 000 ადამიანს დაასაქმებს

8 მაისი, 2015 • • 1203
ბერაძე: პანორამა თბილისის მშენებლობა მალე დაიწყება და 6 000 ადამიანს დაასაქმებს

მისი თქმით, პროექტის განხორციელებისთვის ერთი მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა ბიუჯეტიდან ამისთვის არც ერთი თეთრი არ გადაირიცხება. განცხადებები ამის შესახებ რიმა ბერაძემ პორტალ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 


ბერაძე აღნიშნავს, რომ პროექტი  არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომელიც საბაგიროსა და დაწოლილი ლიფტების საშუალებით ქალაქის ისტორიულ და ცენტრალურ უბნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.


„პროექტი 4 ნაწილისგან შედგება- სოლოლაკის ბაღები, სოლოლაკის მთები, ერეკლეს მოედანი და თავისუფლების მოედანი. ცეკავშირის შენობის ადგილას 241-ადგილიანი 7- ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, საიდანაც საბაგირო გზით მოხდება დაკავშირება სოლოლაკის მთებამდე“,  – განაცხადა ბერაძემ.


მისივე თქმით, პროექტში ჩართული არიან არქიტექტორები  მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, თავად პროექტი კი საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა შეადგინა. ამიტომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილს ეხება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია: „არქიტექტორების განცხადებით, ამ პროექტში ძველსა და ახალს შორის შესანიშნავი თანხვედრაა“.


საკრებულოს დეპუტატის თქმით, პროექტი  მოქალაქეთა დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანია.


„პროექტის ავტორებმა ქალაქში არსებული პარკინგის პრობლემებიც გაითვალისწინეს, „პანორამა თბილისის“ ფარგლებში, 1800 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომი აშენდება. მშენებლობის პროცესში, პროექტის ფარგლებში, 6 000 ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ მუდმივ სამუშაო ადგილებზე 2 000 ათასი ადამიანი დასაქმდება, სადაც ხელფასის სახით 150 მილიონი ლარი გაიცემა. აქ იქნება ევროპაში ყველაზე დიდი – ათასკაციანი დარბაზი. ეს იქნება კავკასიის რეგიონში ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროექტი. 


აქ იქნება დარბაზები სპორტის ყველა სახეობისთვის, ღია და დახურული აუზები, იმოქმედებს შეღავათები სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და  მრავალშვილიან ოჯახებზე. იმოქმედებს  საგანმანათლებლო დარბაზები და ყველა ტიპის კულტურული დაწესებულება“, – აცხადებს რიმა ბერაძე და აღნიშნავს, რომ პროექტის ბოლო ეტაპზე 30 000  მარადმწვანე ხე დაირგვება. 


საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად პროექტი დასრულების სტადიაშია  და მისი მშენებლობა მალე დაიწყება. 


ბერაძემ აღნიშნა, რომ პროექტში გათვალისწინებული იქნება მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული ობიექტური შენიშვნები.  მისივე თქმით, „პანორამა თბილისი“, სავარაუდოდ, მშებლობის დაწყებიდან 1,5 წელიწადში დასრულდება.

რიმა ბერაძე
რიმა ბერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი